მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყოს.
"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს.
სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით და ვართ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდ-ვითარებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო." - განაცხადა ეკა დგებუაძემ.