მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ. - რეკომენდაციები ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვაზე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სკოლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს.
ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი.
სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციები, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გაეცნოთ.