მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ
უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, უკლებლივ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის, სასკოლო უსაფრთხოებას უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელეს.
უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურში სპეციალური ტრენინგ-მოდულით უფლებამოსილი პირების გადამზადება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გადამზადდა 1500-მდე უფლებამოსილი პირი.
მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. სულ, მანდატურები ამ დროისთვის წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. გაფართოების გეგმის თანახმად, მანდატურის სამსახური 2020 წელს კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.