მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის ვებინარს აცხადებს. ვებინარი „როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა“ 6 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა - 1 საათი.
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია, გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას შესაძლებლობა გექნებათ, გამოგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში.