მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში“ - მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე პედაგოგებს მათი დიდი დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.
დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული,“ - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.