მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.
სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.