მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
,,არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო, თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება''
,,ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ'' - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს არ სურდა ხისტი ყოფილიყო და რეკომენდაციების გასაჯაროების დროც ამიტომ გაიწელა.
გამოცდებზე საუბრისას, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურით აბიტურიენტების გამოცხადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
„პისიარ ტესტირებით არც ერთთან არ დადასტურდა კორონავირუსი და ჩვენ ვართ იმდენად მოქნილები და იმდენად მორგებული თითოეული აბიტურიენტის ინტერესზე, რომ არც ერთი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ მოიხსენება გამოცდიდან და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ ეს არ იქნება კოვიდთან დაკავშირებული შემთხვევა და არ დადასტურდება პისიარ-ტესტირებით,“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.