Baby Bag

საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა

საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა

„ფინეთთან, ნორვეგიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალ ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის:

„ჩვენ, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით, ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და, რა თქმა უნდა, მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვინდა გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში.

უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში გამოიწვევს, კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10 – 11%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.