მიუხედავად იმისა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრმა პედაგოგებს ნიშნების შეტანის ვადა გაუხანგრძლივა და პირობა მისცა, რომ ელექტრონული ჟურნალი ხარვეზების გარეშე იმუშავებდა, პედაგოგები სისტემის გაუმართაობაზე დღესაც წერენ.
Emis-ის მიერ შექმნილ Facebook ჯგუფში აქტიურად იწერება პოსტები ელექტრონული ჟურნალის ხარვეზებით მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, პედაგოგები დასვენების დღეებში მუშაობასაც აპროტესტებენ, რადგან ელექტრონული სისტემის გაუმართაობის გამო მათ ხელით მოუწიათ ნიშნების თავიდან შეყვანა, აღრიცხვა თუ დაჯამება, ნიშნების შეტანის შემდგომ კი ლოდინი, რადგან სისტემას დრო სჭირდება განხორციელებული ცვლილებების აღსაქმელად.
„სისტემა რომ ვერ მუშაობს ცხადია. ან საერთოდ შეწყვიტეთ ან გამართეთ ნორმალურად. 3 დღე ნიშნები შეტანილი გვაქვს ელ. ჟურნალში და არ აისახა, რომელ 24 საათში უნდა აისახოს მიპასუხეთ? ნუ გვაწვალებთ და თავსაც ნუ იწვალებთ. ჯერ გამართეთ სისტემა და შემდეგ გვითხარით ელექტრონულ ჟურნალში ნიშნები შეიტანეთო. ეს რა უბედურებაა, მასწავლებელს შეეშალოს აბა თუ სისტემა აპატიებს. გთხოვთ მიპასუხოთ ნიშნები რა დროში უნდა აისახოს ველოდები 3 დღე“, „ამდენი მასწავლებელი წერს არასწორად ითვლისო და ყველას შეცდომა როგორ აქვს?“ - წერენ პედაგოგები სოციალურ ქსელში.
განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, სისტემას ხარვეზი არ აქვს და თუ ქულები სწორადაა შეყვანილი, ის საშუალოს სწორად ითვლის.
„ელექტრონული ჟურნალი სწორად ითვლის საშუალო ქულას. გადაამოწმეთ გულდასმით, დასწრებული და დისტანციური, ორივე მხარე. არ გქონდეთ ზედმეტად შემაჯამებელი ჩანიშნული, სადაც არ გიწერიათ შეფასება. ასევე, ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი განმსაზღვრელი შეფასება სემესტრულ ნიშანზე 24 საათის განმავლობაში ისახება“ - აცხადებენ emis-ში.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.