Baby Bag

როგორ ჩაერთვებიან მშობლები სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში - პროცედურა

როგორ ჩაერთვებიან მშობლები სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში - პროცედურა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობა.

„მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს - მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა“,  - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ განხორციელდება პროცედურა

სამინისტრო აცნობებს სკოლებს მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. სკოლამ, თავის მხრივ, უნდა აცნობოს მშობლებს ამ შესაძლებლობის შესახებ. მშობლების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სკოლები იმსჯელებენ და შეჯერდებიან მშობლის კანდიდატურაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ამ მიზნით, შერჩევის პროცესში მან შესაძლებელია ჩართოს სამეურვეო საბჭოც (იმ სკოლებში, სადაც არის) და შეჯერებული კანდიდატურა წარმოუდგინოს სამინისტროს.

სამინისტრო, კერძოდ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უზრუნველყოფს შესაბამის იუზერისა და პაროლს მშობლისთვის, რომლის მეშვეობითაც მშობელს დაშვება ექნება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაზე და წვდომა - ნებისმიერ სახელმძღვანელოზე.

რეცენზირების პარალელურად, 2 კვირის ვადაში მშობელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ნებისმიერი საგნის და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი (ანონიმური ეგზემპლარები) და შეუდგეს მათ განხილვას.

მშობელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე მიმართულებით დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაციები. ეს მიმართულებებია:

  1. შინაარსობრივი შენიშვნა/რეკომენდაცია;
  2. ენობრივი გაუმართაობა;
  3. სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შეუსაბამობა;
  4. ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მას შემდეგ, რაც მშობელი დაასრულებს არჩეული კომპლექტის განხილვას, შეუძლია გადავიდეს სხვა საგნის ან კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტზე.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციები ავტომატურად ეგზავნება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის რეცენზენტებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ მიმართულებების მიხედვით გაეცნონ გამოთქმულ მოსაზრებებს.

რეცენზენტები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ გაზიარების ან გაუზიარებლობის შემთხვევაში, რეცენზენტთან საგნობრივი ჯგუფის მიღებულ გადაწყვეტილებას ასაბუთებს. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მშობელს.

სამინისტროს მხრიდან ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე ეცნობა ამ შესაძლებლობის შესახებ, გაგეგზავნა ინსტრუქცია და სკოლამ მშობლის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს 11 მარტიდან - 17 მარტის ჩათვლით.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის ვებგვერდზე online.naec.ge. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.

ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად