Baby Bag

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. 

მათივე ცნობით მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

„იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. სმს შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სკოლებიდან რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მათი შვილების უსაფრთხოება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული იქნება როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ვალდებულია, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობელს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://online.emis.ge

საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ქალაქებში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები, რომლებმაც 1 თებერვალს განაგრძეს დასწრებული ფორმით სწავლა, მოქმედებენ სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, ასევე სამედიცინო პროტოკოლს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

სამინისტრომ სკოლებში სწავლის დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად მზადება ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ახალი სასწავლო წლისთვის დაიწყო. ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვის მიზნით, განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით და სამინისტრომ უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები;გარდა ამისა, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური სკოლებში სისტემატურად ახორციელებდა მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლებმა სწავლების შერეული ფორმით წარმართვის გამოცდილება ჯერ კიდევ შემოდგომაზე მიიღეს. შესაბამისად, მათ აქვთ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შერეული სწავლების საკუთარი მოდელის დანერგვის გამოცდილება

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შეკითხვებს ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა. ნახეთ ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხები:

ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?

აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.

არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის, საგამოცდო საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით? როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი?

ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.

როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ზუსტად გვეყოს?

ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას, იმ შემთხვევაში, თუ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა, გამოტოვეთ (ნუ დაუთმობთ ბევრ დროს) და გადადით შემდეგზე. ყველა დავალების ნახვის შემდეგ ისევ დაუბრუნდით მას. დავალებები გადის აპრობაციას და საგამოცდო ტესტში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, დროის სწორად განაწილების შემთხვევაში გამოცდისათვის გამოყოფილი დრო სავსებით საკმარისია.

პასუხები ბოლოს გადავიტანოთ თუ თითოეული დავალების ამოხსნის შემდეგ?

უმჯობესია, კონკრეტული დავალების ამოხსნის შემდეგ გადაიტანოთ პასუხი პასუხების ფურცელზე, რადგან, ხშირად, როცა აბიტურიენტებს ტესტირების ბოლოს გადააქვთ პასუხები, სიჩქარის გამო ერევათ თანმიმდევრობა.

ანალოგიების შესრულებისას დასჭირდება თუ არა მოსწავლეს უცხო სიტყვის წინარე ცოდნა სწორი პასუხის შემოსახაზად?

ანალოგიის ტიპის დავალებებში უცხოური წარმომავლობის სიტყვები, ძირითადად, ტექსტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, კონტექსტიც შეიძლება დაგეხმაროთ მათი მნიშვნელობის გაგებაში.


წაიკითხეთ სრულად