Baby Bag

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.“

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია, ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მოსწავლეთა განათლებას კი არაფერი ეტყობა“

„თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია, ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მოსწავლეთა განათლებას კი არაფერი ეტყობა“
,,მასწავლებელთა სქემის თანახმად " მუხლი 1. პუნქტი 2 . სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას."

სინამდვილეში სასკოლო სისტემაში დღეს არის ყველაზე არასტაბილური მდგომარეობა ამ მიმართულებით. თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია,ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მოსწავლეთა განათლებას კი არაფერი ეტყობა.

იმისათვის რომ სასწრაფოდ გამოსწორდეს სიტუაცია, საჭიროა შემდეგი ზომების გატარება:

რეკომენდაცია 1. სასწრაფოდ შეჩერდეს "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" მოქმედება.

რეკომენდაცია 2. სასწრაფოდ შეწყდეს -ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთ-ერთი საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, შესაძლებელობა მასწავლებელმა ასწავლოს ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნები.

რეკომენდაცია 3. მკაცრად გაკონტროლდეს რომ სკოლაში მოსწავლეებს გაკვეთილებს უტარებდეს შესაბამისი საგნის კვალიფიკაციის მასწავლებელი.

რეკომენდაცია 4. ჩატარდეს სერიოზული კვლევა - რა შედეგებამდე მიიყვანა სასკოლო სისტემა ე.წ. “სქემებმა” , და რამდენი და რომელი საგნის სპეციალისტები აკლია სისტემას.

რეკომენდაცია 5. შეჩერდეს არასპეციალისტი მაძიებლების შეყვანა სკოლებში.

რეკომენდაცია 6. მასწავლებლის კარიერული ზრდა პირდაპირპროპორციულად უნდა იყოს მიბმული მოსწავლის მიღწევებზე, უნდა ჩამოყალიბდეს “ეროვნული შეფასების სისტემა”,რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს,რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

რეკომენდაცია 7 . 2022-2023 წლისთვის უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გამოუშვან დაწყებითი განათლების და საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები, შესაბამისად შესაძლებელია ამ პერიოდის გამოყენება ახალი დოკუმენტის მოსამზადებლად.

დანაჩენი თქვენ დაამატეთ...''

ავტორი: თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილი

წაიკითხეთ სრულად