Baby Bag

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

„ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 - 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, შესაძლოა, სასწავლო დღეებს შაბათი დაემატოს.

„სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას შაბათი,“ - აღნიშნულია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ შაბათის სასწავლო დღედ გამოყენების შესახებ ისაუბრა.

„ესაა რეკომენდაციაა და არაა სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღე ან საათები, მას შეუძლია, შაბათი დღეც სასწავლოდ გამოიყენოს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.


წაიკითხეთ სრულად