Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიხსნება თუ არა ბაღები 12 ოქტომბერს? - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი. ასევე, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა, როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

წაიკითხეთ სრულად