Baby Bag

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - https://grifireba.emis.ge - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი). აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავს სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი კი - ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც 53-მა გადალახა პირველი საფეხური და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემისამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში - „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გამოცდა, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც...“

„გამოცდა, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც...“

ვისთვის ჩატარდება საგნის გამოცდა და შეიცვლება თუ არა შინაარსობრივად? - პედაგოგთა ზაფხულში ორგანიზებულ გამოცდასთან დაკავშირებულ ​„ახალი განათლების“​ აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა უპასუხა.

„ეს იქნება ჩვეულებრივი საგნის გამოცდა, ისეთივე, რა ფორმატსაც არიან მიჩვეულები, არც შინაარსობრივად შეიცვლება რამე ტესტში. საგნის გამოცდა ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება და შესაბამისად, ბარიერი ყველასთვის ერთი იქნება და აღარ იარსებებს ნაწილობრივი კრედიტქულები - 1, 4, 7 კრედიტი. ბარიერი ყველასთვის ერთია, მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი პრაქტიკოსია თუ სრულიად ახალბედა, ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, როგორც პროფესიაში შემსვლელი ადამიანები. კონკრეტულად, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება გამოცდას, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც - ეს იქნება წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების მსურველების კომპლექსური შეფასება. “

იხილეთ ასევე:

რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ

წაიკითხეთ სრულად