მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ცვლილებები დამტკიცდა. გარდამავალი დოკუმენტი უკვე ძალაშია და „მასწავლებლის რეგულაციის წესის“ ამოქმედებამდე იმუშავებს.
რა ძირითადი ცვლილებები შევიდა სქემაში და რამ განაპირობა ამის აუცილებლობა, ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ რამდენიმე სახის პრობლემასთან შეიძლება გვქონოდა საქმე, თუკი ეს ცვლილებები არ განხორციელდებოდა.
პირველი ცვლილება სტატუსის შენარჩუნებას შეეხო. სისტემაში გვყავს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომელთაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვპირდებოდით, რომ სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებები აისახებოდა არსებულ სქემაში, რომლის თანახმადაც, მათ სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა აღარ მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, ისინი, რა თქმა უნდა, ენდნენ ამ განაცხადს და აღარ აგროვებდნენ სტატუსის შესანარჩუნებლად განსაზღვრულ კრედიტქულებს. ცვლილებით, რომელიც გარდამავალ დოკუმენტში აისახა, მასწავლებლებს მივეცით საშუალება, რომ სტატუსი ჩაეთვალოთ შენარჩუნებულად, ვიდრე მასწავლებელთა რეგულირების წესი არ ამოქმედდება და ის არ განსაზღვრავს რომელი სტატუსის მასწავლებელს რა სავალდებულო აქტივობა ექნება განსახორციელებელი იმისათვის, რომ პროფესიაში დარჩეს და მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს.
მეორე ცვლილებით, თვითშეფასების კითხვარი სარეკომენდაციო ხასიათის გახდა. ეს ინსტრუმენტი ძალიან მუშაა და მასწავლებელთა ნაწილისთვის მისაღებიც იყო. ახლა ნებაყოფლობითია და სავალდებულო აღარ იქნება. სკოლები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას იმისთვის, რომ მასწავლებლის საჭიროებები დაადგინონ, მას გამოიყენებენ, თუმცა, ამის ვალდებულება აღარ ექნებათ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ვალდებულებები ფორმალურ ვალდებულებებად გადაიქცევა ხოლმე და მასწავლებლები უკვე შინაარსს აღარ უყურებენ, არამედ ორიენტირებულები არიან რაღაცის შევსებასა და დასრულებაზე. ამ ცვლილებით ვალდებულებების წნეხი მოვხსენით.
ასევე, შეზღუდვები გვქონდა დაწესებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის — მათ დამატებით აქტივობებში 5 კრედიტზე მეტის დაგროვების უფლება არ ჰქონდათ, რაც, კარიერულ წინსვლაში, გარკვეულწილად, დამატებით ბარიერებს უქმნიდათ. თუკი მასწავლებელს შექმნილი ჰქონდა სხვადასხვა რესურსი, განხორციელებული — არაერთი აქტივობა, დასწრებული იყო ტრენინგებზე და ა.შ., ამის აღიარება ვერ მოხდებოდა 5-ზე მეტი კრედიტქულით. ცვლილებით ეს შეზღუდვაც მოვუხსენით მასწავლებლებს. შეზღუდვა ვრცელდებოდა სამუშაო შეხვედრების რაოდენობაზეც — წლის განმავლობაში, 3-ზე მეტ სამუშაო შეხვედრაზე არ შეიძლება ყოფილიყვნენ ჩართულები. თუკი მასწავლებლები კოლეგებს ხვდებიან და მათთან განათლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ახლა ეს ყველაფერი უღიარდებათ და რაოდენობრივი შეზღუდვაც მოეხსნათ.
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სპეცსკოლებს — სპეცსკოლების მასწავლებლები განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობენ. მიუხედავად ამისა, მათი შეფასება ხდებოდა იმ სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმენტებით, რომელიც სქემის მიხედვით იყო დამტკიცებული. ჩვენი ცენტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სპეცსკოლებს მიეცათ საშუალება, ცვლილებები განახორციელონ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად (უბრალოდ, ცენტრთან უნდა შეათანხმონ). ახლა ისინი შეძლებენ მოდიფიცირებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელსაც თვითონვე გაუკეთებენ მოდიფიკაციას და ეს არ მოხდება ცენტრალიზებულად, არამედ, სკოლების დონეზე.
რაც მთავარია, არსებული კრიტერიუმების მოდიფიცირებას იმ საჭიროებებისა და არსებული ვითარების შესაბამისად მოახდენენ, რომელიც კონკრეტულ საკლასო ოთახში იქნება. შესაბამისად, ინსტრუმენტებს თავად სკოლა დაამტკიცებს და შემდეგ მისი მეშვეობით შეაფასებს მასწავლებელს. ვფიქრობ, ძალიან კარგი და საჭირო ცვლილებაა. რესურსსკოლების რაოდენობა ბევრი არ არის — სულ 8 რესურსსკოლაა, მაგრამ იქ მასწავლებლები საკმაოდ განსხვავებულ მდგომარეობაში მუშაობენ და მათი გარემო არ არის ჩვეულებრივი სასწავლო გარემო. ასეთ არათანაბარ პირობებში აღმოჩენილ პედაგოგებს, სამწუხაროდ, წინსვლის საშუალება არ ჰქონდათ.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიწერა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს სახელმწიფომ, პენსიაში გასვლის სანაცვლოდ, ჯილდო შესთავაზა. ისინი, ამ შეთავაზების არჩევის შემთხვევაში, პროფესიიდან გადიან ან უარს ამბობენ ჯილდოზე, პროფესიაში რჩებიან და გამოცდას აბარებენ. თუ მასწავლებელი, წელს, პირველად გადის გამოცდაზე, შესაძლოა, მან სრულად ვერ დააგროვოს საკმარისი კრედიტქულები შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. ამიტომ, ცვლილების თანახმად, პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვების ვადა 2020 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდათ. შესაბამისად, საშემოდგომო სემესტრში ისინი შეძლებენ გააგრძელონ კრედიტქულების დაგროვება და შეავსონ სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო რაოდენობა. ამის გარდა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, შემოდგომაზე გამოცხადებულ გამოცდაზე ისევ სცადონ ბედი გასაუმჯობესებლად ან ხელმეორედ ჩასაბარებლად, თუკი მაშინაც ვერ დააგროვებენ სტატუსის შესაცვლელად საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ისევ გააგრძელონ აქტივობებით შევსება.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება და სტატუსის ამაღლება 2020 წლის იანვრამდე გაგრძელდება და, როგორც გითხარით, კრედიტქულებიც აღარ შეიზღუდება.
გარკვეული ცვლილება შეეხო უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებსაც — იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც აპირებენ წამყვანის სტატუსის მიღებას და დაგროვებული ექნებათ 15 კრედიტქულა როგორც სავალდებულო, ისე დამატებითი აქტივობებით, სექტემბერში, დამატებით გამოცხადდება გარედაკვირვება, რითაც შესაძლებლობა მიეცემათ, სტატუსი 2020 წლისთვის შეიცვალონ.
სიახლეა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. იმის გამო, რომ მათ ინტენსიურად იმუშავეს, უღიარდებათ საგაკვეთილო დაკვირვებები და სამუშაო შეხვედრები. ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ მხარდამჭერ ჯგუფებს, მუშაობდნენ ინდივიდუალური სასკოლო გეგმის განვითარებაზე. ამ გაწეული საქმიანობისთვის, მათ, დამატებით, 6 კრედიტქულა მიენიჭებათ.
ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც სქემაში შევიდა. ჩვენი სურვილია, გარდამავალ ეტაპზე ყველა მასწავლებელს, რომელიც სქემაში იყო ჩართული და აქტიურად აგროვებდნენ კრედიტებს, წინსვლის საშუალება მივცეთ, რომ მათი განვითარების პროცესი შუაში არ შეწყდეს. 2020 წლისათვის კი, როცა შემუშავდება ახალი დოკუმენტი, ის დაარეგულირებს მასწავლებლის პროფესიაში საჭირო მოთხოვნებს,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
წაიკითხეთ სრულად