Baby Bag

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - https://grifireba.emis.ge - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი). აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავს სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი კი - ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც 53-მა გადალახა პირველი საფეხური და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემისამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში - „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

„2020-2021 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მოგე​ხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით გამოცხადდა დასვენების დღეები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს. იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება. იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ​დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამდენიმე საათი დამატებით, შაბათი დღე. ყველა ეს რეკომენდაცია არის დეტალურად გაწერილი, ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცა​ძესთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად