Baby Bag

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - https://grifireba.emis.ge - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი). აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავს სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი კი - ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც 53-მა გადალახა პირველი საფეხური და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემისამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში - „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრის ბრძანებით, 13 მასწავლებელს მენტორისა და წამყვანის სტატუსი მიენიჭა

განათლების მინისტრის ბრძანებით, 13 მასწავლებელს მენტორისა და წამყვანის სტატუსი მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანებითგანსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. 

მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:

1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​თემურ სუყაშვილს

2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​თინათინ ბუთხუზს 

3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​ირმა ვაშაკიძეს

4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს

5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​ნადია დაბრუნდაშვილს

6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​მარინე ვართუმაშვილს

7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​გვანცა აქიმიძეს

8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ​მარინე ფორჩხიძეს

9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს

10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს

11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:

1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს

2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.

წაიკითხეთ სრულად