Baby Bag

სამინისტროს გადაწყვეტილება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

სამინისტროს გადაწყვეტილება გრიფირების პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აგრძელებს. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შეიქმნას, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიფირების პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის გამო, სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის ვადა 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.

გრიფირების პროცესი სრულად ელექტრონულად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - https://grifireba.emis.ge მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტებისა და მშობლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) 31 მარტის ჩათვლით იქნება საჯაროდ განთავსებული. შესაბამისად, აღნიშნულ პორტალზე ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავენ სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი - ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი საფეხური 53-მა გადალახა და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემის ამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში - „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ტრენინგების ჩატარება აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ''

,,ტრენინგების ჩატარება აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ''

,,ტრენინგების ჩატარება აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ,''- აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება, მასწავლებლის სახლი კი უზრუნველყოფს მის პროფესიულ განვითარებას:

,,აქცენტი დეცენტრალიზაციაზე გაკეთდა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვით, რომ თუ X მასწავლებელი ზემო ფლავის საჯარო სკოლაში ასწავლის, მასწავლებლის სახლი მის საჭიროებას ვერ დაადგენს და ვერ დაეხმარება, რომ გახდეს უკეთესი მასწავლებელი. ამიტომ, ზემო ფლავის სკოლამ, დირექციამ, ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა უნდა დაადგინონ კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება მისივე დახმარებით. სწორედ მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება. ჩვენ კი, ამ შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ მის პროფესიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასწავლებელს ამისთვის არავინ დასჯის, პირიქით, დაეხმარება და მხარს დაუჭერს, რომ განვითარდეს. მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პროვაიდერი ტრენინგების ჩატარების ან სხვა აქტივობების განხორციელებაში. აუცილებლად ჩაერთვებიან სხვა პროვაიდერებიც, უბრალოდ, ისინი ჩვენთან გაივლიან რეგისტრაციას. ტრენინგების ჩატარება კი, აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან სტატუსის შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა პროფესიულ განვითარებაში, წელიწადში ერთხელ, 20-საათიანი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა – 12-საათიანი, ხოლო მენტორმა – 8-საათიანი ტრენინგი,'' - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორმა. 

როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, როცა მასწავლებელს სტატუსი აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ სქემაში ჩართულია, მაგრამ მისი კონსტიტუციური უფლებაა, იყოს უფროსი მასწავლებელი, აწ და მარადის! ან პირიქით, აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი ან მენტორი.

წყარო: ,,ახალი გ​ანათლება''

წაიკითხეთ სრულად