მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ქართულ სკოლებში ბავშვები ტყვეობაში არიან, არის ძალაობა და საშინაო დავალებაზე ჭიდილი,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ქართულ სკოლებში ჰუმანიზმის დეფიციტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემებია:
შალვა ამონაშვილის თქმით, საქართველოს და მსოფლიოს სკოლებში ჰუმანიზმის დეფიციტია:
„სკოლებში, მსოფლიოში და საქართველოშიც, ძალიან ცოტაა ჰუმანურობა. გვინდა, რომ სკოლა ჰუმანური იყოს, მაგრამ ის ჰუმანური თავისთავად ვერ გახდება. ჰუმანური უნდა იყოს თვითონ მასწავლებელი. მასწავლებელია სკოლა. სამწუხაროდ, რომ ვაკვირდები ქართულ სკოლებს, ბავშვები ტყვეობაში არიან. მასწავლებლის ბრალი კი არ არის ხშირად ეს, არამედ იმის ბრალია, ვინც მასწავლებელი ასე მოამზადა. ალბათ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რომ მასწავლებელთა ცნობიერების ჰუმანურობისკენ გადაზრდა მოხდეს.“
„სკოლაში არ გვაქვს სიყვარული, არ გვაქვს შენდობა, მიტევება. მოვითხოვთ იმას, რაც ბავშვს არ შეუძლია, რომ გააკეთოს. ბავშვს არ ვასწავლით რაღაცას და მოვითხოვთ, რომ იცოდეს. რა შეიძლება გაკეთდეს? ერთი, რომ მასწავლებლები გადავამზადოთ კარგად. მეორე, რომ სახელმწიფო მიმართულება მივცეთ ამას, სკოლაში დამკვიდრდეს სიყვარული, სიკეთე, პატივისცემა. ნუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი არის სკოლაში. ეს უნდა იყოს, მაგრამ არ არის. სკოლაში არის ძალაობა და საშინაო დავალებაზე ჭიდილი. აღზრდა დაგვეკარგა, სწავლებაზე გადავედით მარტო. სწავლება აღზრდას არ გვაძლევს,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.