მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
,,2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით მოემატებათ,'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლეს 160 მლნ ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყო:
„ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი თითქმის 9 მილიარდამდე იყო. ანუ თითქმის 20-მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. ჩვენი გუნდის მუშაობის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება დამატებით 700 მილიონის განაწილებას, როგორც პედაგოგებთან შეხვედრისას დავაანონსეთ, დამატებით 160 მლნ ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც უკვე ჩვენ ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის და მინდა ჩვენს მასწავლებლებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატებები ვუსურვო. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი იქნება“, - დასძინა პრემიერ მინისტრმა.