მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული''
მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას:
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში, ვსაუბრობთ იმ სისტემურ ფუნქციებსა და სამსახურებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელისუფლების და სახელმწიფოს მომსახურებას მოქალაქეებისთვის. ეს არის პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებლები. ეს ის მიმართულებებია, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით, ისევე როგორც ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოგეხსენებათ, ჩვენ წელსაც გავუზარდეთ ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენელს ხელფასები. მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული და სანამ გახდება ღირსეული, მერწმუნეთ, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.