Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას“ - რა წერილს აქვეყენებს „ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე

„ტელესკოლის“ მასწავლებელი ნათია ფურცელაძე სოციალურ ქსელში მოსწავლის წერილს აქვეყნებს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, დავალების დაწერის სურვილი მოსწავლეს ერთ-ერთი „ტელეგაკვეთილის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ეს „ტელეგაკვეთილი“ ბებია-ბაბუებს ეძღვნებოდა და მისი მთავარი მოთხრობა გოდერძი ჩოხელის ​„ბებო“ იყო.

„როგორი როგორი სევდიანი და თბილი წერილია.

დილით ეს დავალება რომ მივიღე, ცრემლები ვერ შევიკავე კითხვისას, მაგრამ გამიხარდა კიდეც. „ტელეგაკვეთილმა“ ასეთი სიტყვების დაწერის სურვილი რომ გაუჩინა ბავშვს, ამიტომ გამიხარდა.

მჯერა, მის წერილს წაიკითხავს ბებო იქ, სხვა სამყაროში, და ძალიან ბედნიერი იქნება“, - წერს მასწავლებელი.

წაიკითხეთ სრულად