Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდით შედეგის გაუმჯობესებაა

დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდით შედეგის გაუმჯობესებაა

დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა,“ - აღნიშნულის შესახებ ​„ახალ განათლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა განაცხადა. 

„იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი პრაქტიკოსები გამოცდით ვერ შეძლებენ სტატუსის ცვლილებას, დეკემბრის დასაწყისამდე შეუძლიათ, გააგრძელონ კრედიტქულებისთვის განკუთვნილი აქტივობების განხორციელება. პრაქტიკოს მასწავლებლებს რეალური დრო კრედიტების დასაგროვებლად ორი თვე (ოქტომბერი და ნოემბერი) აქვთ, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფები იწყებენ მუშაობას. თუმცა, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მრავალფეროვანი აქტივობებიდან და შესაძლებლობებიდან აირჩიონ ისეთი, რომლის განხორციელებასაც მოასწრებენ. მაგალითად, სოციალური პროექტები, ისტ-ის გამოყენებით სწავლება, და ა.შ. რაც შეეხება დამატებით შესაძლებლობას, ცენტრი მათ წლის განმავლობაში შესასრულებელ აქტივობას (მაგალითად, წრე, კლუბი) სემესტრში ჩაუთვლის. ამის გარდა, ჩვენ მათ მივეცით სემინარებში მონაწილეობისა და სამუშაო შეხვედრების უფლებაც, რაც, ასევე მოუტანთ კრედიტქულებს. რეალურად, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასე რომ, 2 და 3 კრედიტის მოპოვება მასწავლებელს, დეკემბრის დასაწყისამდე, თავისუფლად შეუძლია. დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოგდომო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი. 

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ, შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ. (იხილეთუფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი.)

წაიკითხეთ სრულად