Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,აიცერით, იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან...''

,,აიცერით, იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან...''

ექიმი შოთა ინასარაძე სოციალურ ქსელში კოვიდკლინიკაში არსებულ ვითარებას აღწერს, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ: 

,,ალბათ ვრცელი პოსტი გამომივა, თუ წაიკითხავთ ბოლომდე გულისყურით და გაიაზრებთ, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს დაეხმარებით და შემდგომ გვერდით მდგომებს....

უმეტესობამ იცით, რომ ვწევარ კოვიდ კლინიკაში, იქ სადაც ვმუშაობდი და ღვთის წყალობით დიდი სანაცნობო წრეც მყავს, ნუ მე კარგად ვარ, არ ვიწუწუნებ ჩემზე არაფერს, უბრალოდ მინდა გადმოგცეთ, თუ რა საშინელება ხდება დღევანდელ რეალობაში....

გასვლა არ მინდა რეანიმაციაში, იმიტომ რომ ყოველ გასვლაზე ახალ პაციენტს ვხედავ, სამწუხაროდ, დილით ნანახი საღამოს ვეღარ მხვდება და პირიქით.... ასაკს მნიშვნელობა არ აქ, სამწუხაროდ ეხლა როცა ამას ვწერ, 20 წლის ბიჭი იბრძვის.... საახლობლო, სანაცნობო მირეკავს და ვიგებ, რომ ერთერთი აპარატზე გადაიყვანეს, მეორეს უკვე გულმა ვერ გაუძლო და..... ეს ხდება მეგობრებო მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში...

სამწუხაროდ, ყველა აუცრელია...

ნუ ფიქრობთ იმას, რომ 2 წელიწადში რას გამოიღებს ეს აცრა, იმიტომ რომ ამ ხალხს ეს 2 წელიც არ ჰქონდათ, იმისთვის რომ, საკუთარ ოჯახს ჩახუტებოდნენ.... დავფიქრდეთ, არ ჯობია თუნდ 2 დღით მეტად ვიყოთ ერთად?

მე მინდა ავიცრები მინდა არა, ჩემი საქმის მე ვიცი.... ეს მიდგომა იცით როდისაა მართალი? აი რო დაფიქრდები და უკან მოიხედავ... იქ კი ვერ აღმოაჩენ ვერაფერს და ვერავის. როცა თამამად გეთქმის, რომ შენი ამ ქვეყნიდან წასვლით ცრემლი არავის არ მოადგება.... როცა არავის არ უყვარხარ და სულ მთლად მარტო სული ადამიანი ხარ.... ესეთები კიდე ხო არ ხართ ხალხო? მეგობარი, ცოლი, შვილი, ნათესავი, უბრალოდ ნაცნობი... იფიქრეთ მეგობრებო თქვენზეც და სხვებზეც... ვერ უძლებს ვერც ჯანდაცვა და ვერც ამ სფეროს მუშაკების ფსიქოლოგია ამდენ შავ პარკში ჩასვენებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ....

აიცერით, იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან...'' - აღნიშნავს ექიმი. 
წაიკითხეთ სრულად