Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სად „გაქრა“ გრიპის ვირუსი?.. შეეშვით ტვინდემიასაც“

„სად „გაქრა“ გრიპის ვირუსი?.. შეეშვით ტვინდემიასაც“

სად „გაქრა“ გრიპის ვირუსი? - ამის შესახებ ექიმი ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„ხშირად მეკითხებიან სად „გაქრა“ გრიპის ვირუსი?! შევეცდები აგიხსნათ...

უკვე დიდი ხანია აღინიშნა და ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც ებრძვის ერთ ვირუსს სხეულში, იშვიათად ხდება სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული. ამის მიზეზია ცილა ინტერფერონი. ინტერფერონის გამომუშავებით, უჯრედები, სადაც ვირუსმა ჯერ კიდევ არ შეაღწია, რეზისტენტად იქცევა და საბოლოოდ დაავადება მიდის. ეს ცილები წარმოიქმნება T-უჯრედებში, მაკროფაგებში, ფიბრობლასტებში და სხვა იმუნურ უჯრედებში. ინტეფერონის ცილების სინთეზი იზრდება 38°C-მდე ტემპერატურის დროს. როცა ავადმყოფი ადამინის სხეულის ტემპერატურა მიაღწევს 39°C- ზე ზემოთ, ასეთი ჰიპერთერმიისას ჩვენი ორგანიზმის დამცავი ფუნქციები სუსტდება, ვინაიდან ძალიან მაღალი ტემპერატურა ერევა ფერმენტების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნორმალურ ფუნქციონირებაში, ისინი ვერ ახერხებენ სრულფასოვან ფუნქციონირებას და მოვალეობას. ამიტომ 38.5°C- ზე ზემოთ ტემპერატურა უნდა შემცირდეს ანტიპირეტიული საშუალებებით (პარაცეტამოლი, იბუპროფენი და სხვა...) ნორმალური იმუნური პასუხის შესანარჩუნებლად.
1957 წელს ლონდონის ვირუსოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ინგლისელმა ა. ისააკმა და შვეიცარიელმა ჯ. ლინდემანმა, ექსპერიმენტების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს ინტერფერონი. 

 

მკვლევარები ასეთი ფენომენის წინაშე აღმოჩნდნენ: კვლევების დროს, როდესაც თაგვებს აინფიცირებდნენ ვირუსებით, ზოგიერთი თაგვი არ დაინფიცირდა ექსპერიმენტალური ვირუსით. ამ ფენომენის მიზეზების ძიებამ აჩვენა, რომ თაგვები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მეცნიერების მიერ შეყვანილ ვირუსებს, უკვე ავად იყვნენ სხვა ვირუსული ინფექციით. ამრიგად, აღმოჩნდა, რომ თაგვების სხეულში ერთი ვირუსი აფერხებს მეორის გამრავლებას. ვირუსის ანტაგონიზმის ამ ფენომენს „დაბრკოლება“ უწოდეს, ეს ფენომენი ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ერთდროულად შემოდის ორი ვირუსი ან ინტერვალით არა უმეტეს 24 საათისა.

​ასე შემცირდა გრიპის ვირუსის ფართო გავრცელებაც კოვიდ-19 პანდემიის ფონზე... შეეშვით ტვინდემიასაც“ - წერს ინფექციონისტი.
წაიკითხეთ სრულად