Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონფიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ, იქნება მაინც განიავების პრობლემები. მოგეხსენებათ, ისეთი კონდიციონერების გამოყენება, რომლებსაც გარედან ჰაერის შემოტანა არ შეუძლიათ, არ არის ნებადართული. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
წაიკითხეთ სრულად