შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.
2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.
,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.
მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.