Baby Bag

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების ​სანდო წყარო“.

2021 წლის გამოცდები - განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები: ​1-ლი ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ვისთვისაც უმთავრესი მიზანი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები - ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა, ჩვენი სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მთელ ქვეყანაში, ყველამ, ვინც ცხოვრების მთავარ საქმედ მომავალ თაობებზე ზრუნვა აირჩია, ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღო, რათა შეგვემსუბუქებინა სკოლისა და მეგობრებისაგან დაშორების სირთულეები, მოგვეძებნა განათლებისა და შინაარსიანი დასვენების ახალი გზები ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება," - აღნიშნულის განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 


წაიკითხეთ სრულად