Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? - დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. იხ. ბმული.

გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი
დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი.

​მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.

​ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს.

​„სულ მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება.

​მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად