Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? - დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. იხ. ბმული.

გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამა თუ იმ დავალებაზე მუშაობისას საკუთარ თავს იმაზე მეტი დრო არ მისცეთ, ვიდრე გამოცდაზე მოგეცემათ“ - ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტის რჩევები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს

„ამა თუ იმ დავალებაზე მუშაობისას საკუთარ თავს იმაზე მეტი დრო არ მისცეთ, ვიდრე გამოცდაზე მოგეცემათ“ - ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტის რჩევები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტის რჩევებს სთავაზობს.

გაეცანით ანდრო ჭედიას რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე:

„პირველ რიგში, რასაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით გირჩევთ, არის ის, რომ კარგად გაეცნოთ შეფასების სისტემას. როგორც წესი, მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არადა მასზე დაყრდნობით ფასდებით და საკუთარი თავის შეფასების დროსაც სწორედ მისით უნდა იხელმძღვანელოთ. საერთოდ, თვითშეფასება, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად მოსწავლეები პედაგოგებს შეატოვებენ ხოლმე მსაჯულის ფუნქციას და პედაგოგებსაც, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ამის შედეგია, რომ ბევრს საკუთარი ნაშრომის გადამოწმებაც არ სურს, წერის დასრულებისთანავე ტოვებს საგამოცდო ოთახს. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, მხოლოდ მექანიკური შეცდომების გამო დაგაკლდებათ რამდენიმე ქულა. გახსოვდეთ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სინამდვილეში სამი ტექსტის რედაქტირება გევალებათ. თქვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამი ტექსტიდან ორი თქვენივე დაწერილია. შემდეგი რჩევა დროის მენეჯმენტს შეეხება. მნიშვნელოვანია, გამოცდისთვის მზადების პროცესში ეფექტიანად მუშაობას შეეჩვიოთ. როგორც წესი, თემებზე სახლში მუშაობენ ხოლმე და მთელ დღეს ანდომებენ, აუჩქარებლად წერენ, ნება-ნება... უნდა გესმოდეთ, რომ გამოცდაზე ამის საშუალება არ მოგეცემათ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგად წერთ, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად ახერხებთ ამის გაკეთებას. ჩემი რჩევა იქნება, ამა თუ იმ დავალებაზე მუშაობისას საკუთარ თავს იმაზე მეტი დრო არ მისცეთ, ვიდრე გამოცდაზე მოგეცემათ. ბოლოს კი ორიოდე სიტყვა შინაარსობრივ მხარეზეც მინდა ვთქვა. რუსთველი რომ „არ-ავად გამორჩეული“ პოეტია, თავადაც იციან, თქვენგან ამის შეხსენებას არავინ ელის. სამაგიეროდ, საინტერესო იქნება, თუ „ვეფხისტყაოსანს“ პოსტ-მოდერნისტულ მზერასაც შეავლებთ და ცოტა ხნით მაინც გაათავისუფლებთ იმ პირობითობებისგან, რომლებშიც ამ ტექსტს უწევს არსებობა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ისტორიული და კულტურული კონტექსტის დავიწყებას. იგივეს ვიტყოდი ჰაგიოგრაფიასა და სხვა ტექსტებზე, რომელთა უკანაც ხშირად გაყინულ მზერას ვგრძნობთ. წარმატებას გისურვებთ!“

წაიკითხეთ სრულად