Baby Bag

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები

გამოცდები 2021 - საგამოცდო ბარათები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 21 ივნისის 11:00 საათიდან შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? - დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 25 საგამოცდო ცენტრი. იხ. ბმული.

გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ საკუთარი მშობლები აღმოჩნდებიან ასეთი სასტიკები, უნდა მიხვიდე მასწავლებელთან, უნდა არსებობდეს ბევრი გზა,“ - გიორგი კეკელიძე

„თუ საკუთარი მშობლები აღმოჩნდებიან ასეთი სასტიკები, უნდა მიხვიდე მასწავლებელთან, უნდა არსებობდეს ბევრი გზა,“ - გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველანი ინერციების მსხვერპლები ვართ. მისი თქმით, ტრადიციების უარეს ნაწილს დროთა განმავლობაში საზოგადოება გააძევებს, კარგს კი იტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ განათლების შეძენით მიიღწევა:

„ყველანი მეტ-ნაკლებად რაღაც ინერციების მსხვერპლები ვართ. საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ნორმები არსებობდა. ​ხშირ შემთხვევაში ეს ნორმები ხანგრძლივდებოდა გაუნათლებლობაში გაჯიუტებით. დრო, როდესაც მე ვიზრდებოდი სულ სხვა სტერეოტიპებს გულისხმობდა. მე მეგონა, რომ გოგოს მოტაცება იყო ჩვეულებრივი აქტი, რომელიც დაფუძნებული იყო კონკურენციას, ვინ უფრო სწრაფად მოიტაცებდა. გოგოც ამ ამბავს გარკვეულწილად ნორმად იღებდა. ზოგიერთ მოხუცს ჩემთვის უთქვამს შემდეგი ფრაზა: „მე მთლად ისეთი ლამაზიც არ ვიყავი, რომ მოვეტაცებინე.“ მოტაცება ღირსებად უფრო აღიქმებოდა ქალისთვის. ეს ის ნორმებია, რომელსაც საზოგადოება აანალიზებს, უკეთეს ნაწილს ტოვებს, უარესს, როგორც წესი გააძევებს ხოლმე, მაგრამ ამას ვერ გააძევებს ვერცერთ შემთხვევაში განათლების ქონის გარეშე.“

გიორგი კეკელიძე იმ გზებზე საუბრობს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოზარდებს დაიცავს:

„უნდა არსებობდეს ბევრი გზა. თუ საკუთარი მშობლები აღმოჩნდებიან ასეთი სასტიკები, უნდა მიხვიდე მასწავლებელთან, ​თუ მასწავლებელიც სასტიკი აღმოჩნდება, უნდა მიხვიდე სოციალურ მუშაკთან, თუ სოციალური მუშაკი სასტიკი აღმოჩნდება, უნდა მიხვიდე პოლიციასთან. რეალურად ეს გზებია, სხვა გზა არც არსებობს. არის კიდევ ერთი, მეხუთე გზა, რომ ჩვენ მივიდეთ მათთან, განსაკუთრებით სკოლებში და რეგიონების სკოლებში. რეგიონების სკოლები ჩვენი ყურადღების მიღმა ისეა დატოვებული, თითქოს არც არსებობს და გვახსენდება ასეთი ამბებით.“

გიორგი კეკელიძის თქმით, 14 წლის გოგონას უმძიმესი შემთხვევა არ ასახავს ქართული ოჯახების დიდ ნაწილში არსებულ ვითარებას:

„ეს კონკრეტული შემთხვევა სრულიად გამაოგნებელი იყო თავისი არსით. მე მგონია, რომ მაინც და მაინც ისეთ მაგალითად ვერ გამოდგება საბედნიეროდ, რომ თითქოს ყოველ ქართულ ოჯახში ასეთი მდგომარეობა იყოს და ყველა ქართველი მშობელი ასეთ დამოკიდებულებაში იყოს თავის შვილთან. ასე ნამდვილად არ არის. ასე სუპერ განზოგადებით ნუ ვისაუბრებთ.​ ეს პრობლემა არის, რასაკვირველია. ჩვენ ადამიანებს გვერდზე ვერ გავწევთ და ვერ ვეტყვით: „თქვენი თაობა ახლა უვარგისია სოციალური აქტივობისთვის და ცალკე კუნძულზე უნდა გაგიყვანოთ.“ აქაც უნდა ვილაპარაკოთ. ერთადერთი საგანმანათლებლო სივრცე არ არის არც სკოლა და არც უნივერსიტეტი. ჩვენ ხშირად ვსხედვართ სტუდიებში და ვლაპარაკობთ იმ ადამიანების პრობლემებზე. გვავიწყდება, რომ იმ ადამიანების პრობლემები განპირობებულია ჩვენი პასიურობითაც.“

გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ დეკლარაციების ენით საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალადობისადმი გულგრილობას იჩენენ ან ემხრობიან მას, უშედეგოა:

„ჩვენ ​არ ვუკაკუნებთ მათ კარზე და არ ვეკითხებით, რა მდგომარეობაა იქ. მხოლოდ დეკლარაციების ენით ამ ადამიანებთან ლაპარაკი არის აბსოლუტურად ფუჭი. იმ ადამიანებისგან ჩვენ აქეთ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ არის რაღაც, რაც შეგვიძლია ჩვენც გავუზიაროთ. როდესაც ჩვენ მათ კარზე დავაკაკუნებთ, უნდა ველაპარაკოთ მათ ენაზე. უნდა ვუთხრათ: „შვილიშვილზე იმის თქმა, რომ გააუპატიურეს და გამოისყიდა, არც ქრისტიანულია, არც ქართული ტრადიციის ნაწილია, არც ადამიანად ყოფნის მთავარ ნიშანს არ შეესაბამება.“ თუ ყველაფერს ყოველთვის პოსტფაქტუმ გავიგებთ, ყველაფერი პოსტფაქტუმ იქნება, ეს არ არის გამოსავლის ძიების უკეთესი გზა. პატარა შეცდომა აქვს დაშვებული, მიუთითე, მეორე შეცდომა დაუშვა, კიდევ დაელაპარაკე. ეს არის ძალიან კომპლექსურად სამუშაო და არა „ბნელებად“ და „ნათლებად,“ ე.წ. „ლიბერალებად“ დაყოფა.“

„მე სვანეთში მინახავს ოჯახები, სადაც დაცული არის ბალანსი და ქალს და კაცს შორის არის ბრწყინვალე ურთიერთობა ამ თვალსაზრისით, ეს მინახავს ბევრ მაღალმთიან სოფელში და პირიქით, არ მინახავს ქალაქში. ეს ყველაფერი არის ყველა კუთხის და ყველა ქალაქის პრობლემა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეზობლებს საკუთარი მეზობლის უკეთესი მაგალითი. იდენტობის თვალსაზრისით ის უფრო ახლოს არის მასთან, ვიდრე რაღაც ფურცელი, რომელსაც ის ვერ იგებს. როდესაც შენ ჩადიხარ იმპერატიული საუბრით, ეუბნები, რომ ეს ესე უნდა ქნა და არ ეუბნები, რატომ უნდა ქნას, გაუგებარი ხდება. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ის ჯიუტდება საკუთარ შეცდომაში,“ - აღნიშნულ პრობლემაზე ​გიორგი კეკელიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ საუბრობს.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად