ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათების ამობეჭდვის საშუალება მასწავლებლებს სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ექნებათ. მათივე ცნობით, ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.