Baby Bag

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს იწყება. 


2021 წლის გამოცდები - განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები: ​1-ლი ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა...
საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისათვის
აქტიური და საინტერესო სესიები, თანამედროვე სწავლების მეთოდები, განათლების სფეროში მოღვაწე კვალიფიციური ქართველი და უცხოელი ტრენერები, თეორიული ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება - ესაა ის...
სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე გახვალთ...
​14 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები იწყება.სანამ გამოცდაზე გახვალთ, გაეცანით ყველა საჭირო ინფორმაციას:​2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტე...
გამოცდები 2021 - საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები
ნაეკის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. იხილეთ ჩამონათვალი: მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ინდოელ მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ

ინდოელ მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ
ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით ჰავერის რაიონში მდებარე ერთ-ერთი კოლეჯის წარმომადგენლებმა საჯარო ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რაც ცოტა ხნის წინ გამოცდაზე მოხდა. კოლეჯის მოსწავლეებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს, რათა მათ ტესტის პასუხები ერთმანეთისგან არ გადაეწერათ. ინფორმაციას cnn ​ავრცელებს. სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოცდის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

გამოცდის დაწყებამდე ყუთები წინა მხარეს ამოჭრეს, რათა მოსწავლეებს დაფისა და ტესტის ფურცლების დანახვა თავისუფლად შეძლებოდათ, თანაკლასელების ნამუშევრებს კი ვერ ხედავდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები კოლეჯის ადმინისტრაციას სასტიკად აკრიტიკებდნენ. აღნიშნული ფაქტი არც ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა. განათლების მინისტრმა მოსწავლეებისადმი მსგავს დამოკიდებულებას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა: „არავის აქვს უფლება მოსწავლეებს ისე მოექცეს, როგორც ცხოველებს ექცევიან.“ სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროს ახსნა-განმარტებითი ბარათი წარუდგინა და აღნიშნული ფაქტის გამო საჯარო ბოდიშიც მოიხადა.

კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, ფოტოზე სკოლის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტია ასახული. გამოცდის დაწყებამდე მუყაოს ყუთების გამოყენებასთან დაკავშირებით სკოლამ მშობლებისგან და ბავშვებისგან თანხმობა წინასწარ მიიღო. გამოცდა სულ 72 მოსწავლეს ჩაუტარდა, მაგრამ მუყაოს ყუთები მხოლოდ 56 ბავშვს ეკეთა, რადგან დანარჩენი ბავშვების მშობლებმა ექსპერიმენტის შესახებ არაფერი იცოდნენ. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ბავშვის მშობელი მუყაოს ყუთების გამოყენებას წინასწარ დათანხმდა.

„ექსპერიმენტში მოსწავლეები თავიანთი სურვილით მონაწილეობდნენ. ჩვენ არავისთვის დაგვიძალებია. ზოგიერთმა ბავშვმა თანხმობა განაცხადა, ზოგიერთმა კი უარი თქვა, მათი შეწუხება ან აღელვება არც გვიფიქრია,“ - განაცხადა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მოსწავლეებმა ყუთები წინასწარ დაამზადეს და სახლიდან სკოლაში თავად მოიტანეს. ზოგიერთმა მათგანმა ყუთი გამოცდის დაწყებიდან 15 წუთში მოიხსნა, ეს მათ თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული. მოცემულ კოლეჯში გასულ წელს გამოცდებზე მასობრივი გადაწერის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგიების შემუშავების ექსპერიმენტული გზების ძიება დაიწყეს.

გამოცდებზე თაღლითობა ინდოეთში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. 2015 წელს ბიჰარის შტატში გადაიღეს ფოტო, რომელზეც მოსწავლეების მშობლები არიან ასახულები. ისინი თავიანთ შვილებს გამოცდის პასუხების ფურცლებს სკოლის ფანჯრებიდან აწვდიან.

ინდოეთის განვითარებადი ეკონომიკის პირობებში განათლება საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ესახება. სწორედ ამიტომ მშობლებისა და სკოლების წარმომადგენლების მხრიდან მოსწავლეებზე ზეწოლა ძალიან დიდია. ისინი ბავშვებისგან გამოცდების საუცხოოდ ჩაბარებას ელიან, რაც მოსწავლეებში გადაწერისა და საგამოცდო თაღლითობისადმი მიდრეკილებას ზრდის. გამუდმებით სტრესულ ვითარებაში ყოფნა კი სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. წლის დასაწყისში ინდოეთის სამხრეთით მდებარე ტელანგანას შტატში 19-მა მოსწავლემ გამოცდების ცუდი შედეგების გაგების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

წყარო: ​cnn

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად