ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.