Baby Bag

როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - ​კლასის მართვის სტრატეგიები

როგორ უნდა წარვმართოთ გაკვეთილი შეფერხებების გარეშე - ​კლასის მართვის სტრატეგიები

ტერმინი "კლასის მართვა" აღწერს პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილების შეფერხებების გარეშე წარმართვას. ეს ასევე გულისხმობს მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევების პრევენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაკვეთილის ნორმალურ მსვლელობას განაპირობებს არის კლასში ქცევის წესებისა და პროცედურების დადგენა, რომელიც მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე მოსწავლეებთან ერთად უნდა შეიმუშაოს. 

წესები უფრო ფორმალური, წერილობითი ხასიათისაა და ისეთი ტიპის ფორმულირებებს მოიცავს, რომლის წყალობით მოსწავლემ იცის, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი - არა. პროცედურა უფრო არაფორმალური ხასიათისაა და კონკრეტული წესების განხორციელების გზებია. ძალიან ნაყოფიერ შედეგს იძლევა ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თვითონ მოსწავლეები არიან ჩართულნი წესების შედგენაში, რადგან მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობისა და საკუთრების შეგრძნება. 

მაგალითად, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შეიძლება შექმნან "საკლასო კონსტიტუცია" ანუ კლასში ქცევის წესების და პროცედურების ერთობლიობა. საკლასო კონსტიტუციის შედგენის დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რა არის მათი აზრით მოსწავლეებისათვის მისაღები ქცევები და, შესაბამისად, მსჯელობენ კლასის წესებსა და პროცედურებზე (სხვისი პატივისცემა, კლასის სისუფთავის შენარჩუნება და სხვა); მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიმართავს კონკრეტული წესების შესრულების მნიშვნელობაზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლება რაიმეს გაკეთება (მაგალითად, ადგილიდან პასუხის წამოძახება, ხმაური და სხვა); 

მოსწავლეები კლასის წესების შესრულების დადებით და დარღვევის უარყოფით შედეგებზე მსჯელობენ. ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ მიიღონ ის წესები, რომლებსაც მთელი კლასი ეთანხმება. სასურველია, რომ "საკლასო კონსტიტუცია" კედელზე თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეებს მივუთითოთ, თუ კონსტიტუციის რომელი პუნქტი დაირღვა. ამით მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს კლასის წესების დაცვაზე. შესაძლოა, მასწ ავლებელი და მოსწავლეები შეთანხმდნენ სანქციებზეც, ანუ იმ პროცედურებზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არღვევს კლასის მიერ ერთხმად მიღებულ წესებს. 

სანქციების არსებობა ხელს უწყობს კლასის წესების დაცვას. მოსწავლეების მიერ ერთხმად მიღებული წესები და მისი შესრულების პროცედურები იძლევა იმის გარანტიას, რომ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელმა შეინარჩუნოს დადებითი სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. კლასის მართვის სტრატეგიებში, გარდა ამისა, შედის გაკვეთილის დაგეგმვა, მოსწავლეთა ორგანიზება, დროის ორგანიზება და ა. შ.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან:

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


წაიკითხეთ სრულად