Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში - 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

დედის თქმით, ბავშვს სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

ქალი ​ფორმულასთან ყვება, რომ მის არასრულწლოვან შვილს მასწავლებლები საჭმლის ჭამის მოთხოვნის გამო სცემეს.

,,ფიზიკური ძალადობა იყო - შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან'' - ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ყვება, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

,,საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი". - თქვა ყავლაშვილმა ​ფორმულასთან

წყარო: ​ფორმულა 

წაიკითხეთ სრულად