Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

WFS: ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს

WFS: ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს

„ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ - ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა. „Brot für die Welt” –ის მხარდაჭერით ფახულანელი ქალები კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ადგილობრივი ტრენერის დახმარებით შეისწავლიან. სასწავლო კურსი სამთვიანია და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

„მე ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსიც დავამთავრე, მათგან ბიზნეს გეგმის წერაც ვისწავლე, მცირე გრანტიც მოვიგე და ახლა მინდა საკუთარი ფეისბუქგვერდი გავაკეთო, ვმართო, ვისწავლო საკუთარი წარმატების რეკლამირება და გაყიდვა სოციალური ქსელის მეშვეობით,“ - ამბობს სოფო.

„ელექტრონული ფოსტის გამოყენება დამჭირდა და ბევრი სხვა ქმედება, რომელიც კომპიუტერის უკეთ ცოდნას მოითხოვს. „სოხუმელებმა“ აქაც დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება,“- აცხადებს მარიკა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფახულანში უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის მიზანიც ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

R. 

წაიკითხეთ სრულად