Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ და თანხები 1-15 სექტემბრამდე ანაზღაურდება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ. მისივე თქმით, დახმარების მისაღებად ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

„პირველ რიგში, შევიტან შესწორებას - 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ ამ კომპენსაციას. განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. შემდეგ კვირაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად