Baby Bag

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის.

მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ.

ეკატერინე დგებუაძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“.

თამარ გაბუნია: „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით შეცვლას არ დავუშვებთ ახალგაზრდები, რევოლუცია არ იქნება, მთავრობას მოუწევს პასუხისგება“

„ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით შეცვლას არ დავუშვებთ ახალგაზრდები, რევოლუცია არ იქნება, მთავრობას მოუწევს პასუხისგება“

„დღეს რაც მოხდა, არის ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო შემთხვევა. სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა.

ამას მოჰყვა ძალიან კარგი, ადეკვატური და ჯანსაღი პროტესტი საზოგადოებისგან. დაიგეგმა აქცია. არ ვიცი, ვინ სად რას გეგმავდა პარალელურად, მაგრამ მეც და ბევრმა ჩემმა თანატოლმაც აქციაზე შევიტყვეთ რამდენიმე ჯგუფიდან, სადაც საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან შეკრებილნი, ძირეული ფასეულობის გარშემო, განურჩევლად პოლიტ-ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პრეფერენციებისა.

როგორ დაიწყო პროტესტი: პარლამენტთან შეიკრიბა საკმაოდ ბევრი ადამიანი, განსხვავებული შეხედულებებით მარა შეთანხმებული ერთში: რუსეთი ოკუპანტია, გავრილოვის შემთხვევა სირცხვილია, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს.

როგორ გაგრძელდებოდა აქცია იმ ხალხის ხელში, ვინც მე ვიგულისხმე შესაბამისი ჯგუფების მიღმა: აქტიური განცხადებებით, კრეატიული ტრანსფარანტებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობით, უწყვეტი წნეხით ხელისუფლებაზე, ძლიერი მედიაზეწოლით და ა.შ.

როგორ გაგრძელდა: დაყარა მიშამ დორბლები, სკივრებიდან ამოყვეს თავები ვიღაცებმა და დაიწყეს 2003 წლის სცენარზე ჩალიჩი გულწრფელი ახალგაზრდების რესურსის ხარჯზე. მაგრამ 2003 წელი აღარაა, ოქრუაშვილიც აღარაა ავტორიტეტი და ეს სცენარი არ გამოვიდა. შესაბამისად გამოიწვიეს ის, რომ ადეკვატური საზოგადოება დაიბნა. აქცია დაიქსაქსა და მთავრობას გული მიეცა.

გვინდა ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენება, მაგრამ არა მიშას, ვაშაძის და ოქრუაშვილის ხარჯზე. მერამდენედ უნდა ჩაშალონ ადეკვატური საზოგადოებრივი პროტესტი თავისი პირადი ინტერესების გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ადეკვატური ევსაქების განცხადებები იყო, რაც ახლა გააკეთეს.

ჰოდა შეიგნონ ამ ქოცნაცებმა რომ ერთი ანტისახელმწიფოებრივი საქციელის მეორე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით შეცვლას არ დავუშვებთ ახალგაზრდები. რევოლუცია არ იქნება. მთავრობას მოუწევს პასუხისგება. დრო შეიცვალა. ვინც არეულობაზე და ჭყლეტვებზე ეღგზნებით - გაა... პამპლონაში და ხარებს ეჭიდავეთ.

Edit: პოსტი დაწერილია 20 ივნისს, 20:00, დარბევამდე.“

ამის შესახებ ტელეწამყვანმა და მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ფეისბუქში დაწერა

წაიკითხეთ სრულად