Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

​რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

„​ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    რა სირთულის იქნება უცხოური ენების გამოცდა, იგეგმება თუ არა ლაპარაკის დავალების დამატება - აბიტურიენტების შეკითხვებს რუსუდან ტყემალაძე პასუხობს

    რა სირთულის იქნება უცხოური ენების გამოცდა, იგეგმება თუ არა ლაპარაკის დავალების დამატება - აბიტურიენტების შეკითხვებს რუსუდან ტყემალაძე პასუხობს

    რა სირთულის იქნება უცხოური ენების გამოცდა, იგეგმება თუ არა ლაპარაკის დავალების დამატება... აბიტურიენტების ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე პასუხობს.

    გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

    ✔️ რა სირთულის საკითხები იქნება? იგივე სირთულის იქნება რაც წინა წლებში თუ უფრო გართულებული?
    ➡️ ტესტის სირთულე არ შეცვლილა და წელს შარშანდელის ანალოგიურია.


    ✔️ რას გვირჩევთ ინგლისურ ენაში ესეს მაქსიმალური ქულის ასაღებად? მაგალითად, რას მიაქცევდით დიდ ყურადღებას 16 ქულის დასაწერად?
    ➡️ ესეს შეფასების დროს ყურადღება ექცევა მდიდარ ლექსიკას, გრამატიკის ცოდნასა და არგუმენტაციას.


    ✔️ ახლო მომავალში აპირებთ ლაპარაკის დავალების დამატებას?
    ➡️ არა, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.


    ✔️ ესეს სათაურში გვეკითხებიან Do you agree or disagree with the opinion მაინტერესებს აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მოსაზრებას თუ შეიძლება რომ ორივე მხარე განვიხილოთ? (Advantage and disadvantage)
    ➡️ უმჯობესია დაეთანხმოთ ან უარყოთ და შესაბამისად განავრცოთ თქვენი მოსაზრება.


    ✔️ 6-ქულიანი წერილი უშეცდომო უნდა იყოს ხომ?
    ➡️ დიახ, წერილი სრულიად უშეცდომო უნდა იყოს.


    ✔️ თუ ერთი კითხვა არასწორად მაქვს დასმული, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქულა მაკლდება?
    ➡️ ერთ შეცდომაში სავარაუდოდ ერთი ქულა დაგაკლდებათ, გააჩნია რა შეცდომას დაუშვებთ და ასევე, ტექსტის დანარჩენი ნაწილი რამდენად სრულყოფილია.


    ✔️ ესეს მაქსმიალური და მინიმალური სიტყვების რაოდენობა თუ არის განსაზღვრული?
    ➡️ სიტყვების რეკომენდირებული რაოდენობაა 120-150. თუ 110-ზე ნაკლები სიტყვა იქნება ნაშრომში, ქულა დაგაკლდებათ. იმ შემთხვევაში თუ 150-ზე მეტ სიტყვას დაწერთ, სტანდარტულად შესწორდება ნაშრომი.


    ✔️ დრო რამდენია გამოყოფილი წელს უცხოური ენის გამოცდისათვის?
    ➡️ 2 საათი და 30 წუთია უცხოური ენებისათვის საგამოცდო დრო.

    ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კვირაში ერთხელ, აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხობენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 18 აპრილიდან დაიწყო.


    წაიკითხეთ სრულად