Baby Bag

გახდი სკოლის დირექტორი! 1003 ვაკანტური ადგილი! - სერტიფიცირების პროგრამაზე რესგიტრაცია 30 ოქტომბრამდე შეუძლია ნებისმიერ მსურველს!

გახდი სკოლის დირექტორი! 1003 ვაკანტური ადგილი! - სერტიფიცირების პროგრამაზე რესგიტრაცია 30 ოქტომბრამდე შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოქმედ დირექტორებს ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ოქტომბერში ამოეწურათ, ასეთია 1003 სკოლა და შესაბამისად, ამდენივე ვაკანსიაა. 2021 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანება, რომელიც შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის ცვლილებებს.

აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2020 წლის გაზაფხულიდან უვადოდ გადაწეული კონკურსის ჩატარების დროის შესახებ, თუმცა რადგან ნორმატიულ აქტში ცვლილებები განხორციელდა, სავარაუდოა, რომ უწყება დირექტორების კონკურსისთვის უკვე ემზადება.

მოცემული ცვლილებების საფუძველზე პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამას, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ტრენინგ-მოდულს, რაც აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 30 საათი (2 თვე).

მასში შედის სამი ნაწილი:
  • ზოგადი უნარები
  • პროფესიული უნარები
  • საკანონმდებლო ბაზა
სემინარები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი.

ტრენინგის მიმდინარეობისას მოგაწვდით შესაბამის თეორიულ მასალას და ტესტურ დავალებებს. გავარჩევთ წინა გამოცდაზე არსებულ ტესტს, ჩავატარებთ იმიტირებულ გამოცდასა და გასაუბრებას! ტრენერი სოფო ბიბილაშვილი.

სრული კურსის ღირებულებაა 300 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

რეგისტრაცია სრულდება 30 ოქტომბერს 23:00 საათზე.

ტრენინგი დაიწყება 31 ოქტომბერს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 592 477 277 ან 591 504 325.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

„ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ეკა დგებუაძის თქმით, 2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის. იგი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში შევა და იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისათვის დასრულდება. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჩართულობით გაანალიზდეს „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 165 სკოლაში 2020 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობს. ეს მოსამზადებელი ეტაპი „ახალი სკოლის მოდელის“ ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწასა და მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას გულისხმობს. ეს არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-21 ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც. თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტები, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე მოხდება, სკოლებში თანაშემწეებთან ერთად იმუშავებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც ისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები საშუალებას აძლევს სკოლას, დაინახოს რეალური სურათი და დაგეგმოს კონკრეტული აქტივობები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

წაიკითხეთ სრულად