Baby Bag

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ​განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:

„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მოსწავლეები წლიური ქულის ამაღლებას დაუბრკოლებლად შეძლებენ - ვადები და პროცედურები

მოსწავლეები წლიური ქულის ამაღლებას დაუბრკოლებლად შეძლებენ - ვადები და პროცედურები

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ​პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წარმატებულ მოსწავლეთა ინტერესებს, კერძოდ, მათი მხრიდან წლიური შეფასების გაუმჯობესებას უკავშირდება.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულა აიმაღლოს, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს.

„მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჩვენ მიერ შემუშავებული წლიური შეფასების სისტემა აპრობირებული მოდელია და პედაგოგიური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ვადები განსხვავებულია XII და IX კლასებისა და დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის.

კერძოდ, XII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და IX კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სისტემიდან გასვლა, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ 21-დან 29 მაისის ჩათვლით და კონკრეტულ საგანში ნიშნის ამაღლების სურვილი დააფიქსირონ. სკოლის ადმინისტრაცია მათ 19 ივნისამდე მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც ისინი საბოლოოდ შეფასდებიან. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს კომპლექსური დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და სურთ წლიური ქულის ამაღლება, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას 16-დან 30 ივნისის ჩათვლით მიმართონ და კონკრეტულ საგანში შეფასება გაიუმჯობესონ.

ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მათ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ.

წაიკითხეთ სრულად