Baby Bag

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები“ - მამუკა ბახტაძე

„მე ნამდვილად არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ​განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველგან მაღალი სტანდარტების სკოლა არსებობდეს:

„საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ, რომელიც მხოლოდ სკოლის კომპონენტში შეფასებულია 7 მილიარდი ლარით, უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ყველა წერტილში იყოს უმაღლესი სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხუთივე დონე – სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტები და მეცნიერება – განსაკუთრებული პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალურად ეფექტურად. ამ ხუთივე დონემ უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის განმავლობაში ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება

2019 წლის განმავლობაში ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

„რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წაიკითხეთ სრულად