Baby Bag

რას გულისხმობს საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა?

რას გულისხმობს საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა?

საშუალო საფეხურის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე.

- რა პრობლემის დასაძლევადაა საჭირო ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა?
- ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არის განათლების რეფორმის ინსტრუმენტი. განათლების რეფორმა ტარდება ორად ორი მიზნით, რომ ამაღლდეს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხი და სკოლის სახით შეიქმნას სივრცე, რომელიც კარგი პიროვნების და მოქალაქის აღზრდას შეუწყობს ხელს. ამისთვის არის განათლების რეფორმაც და ეროვნული სასწავლო გეგმაც. რაც შეეხება გამოწვევებს ხარისხის ასამაღლებლად, ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შეიძლება სამი პრინციპის გარშემო დაჯგუფდეს: პირველი - სწავლა-სწავლების მეთოდები უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, ანუ ბავშვი როგორ სწავლობს უკეთ ეს ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული, მეორე - სწავლა უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან მიზნებზე, მოსწავლის ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ, ფიზიკურ განვითარებაზე, მესამე - გარემოება ეს არის სასკოლო გარემოს ცვლილება.
- საშუალო საფეხურის მესამე თაობის ეროვნული გეგმის კონცეფცია გულისხმობს თუ არა სასწავლო პროცესის პანდემიასთან ადაპტირებას თუ უფრო სამომავლო გეგმებს ემსახურება?
- სამომავლო გეგმებს ემსახურება, თუმცა პანდემიასაც გულისხმობს. პანდემიაში რეალურად დისტანციური სწავლება არის ცენტრალური კონცეფცია. დისტანციურ სწავლებაში არ ვგულისხმობ ელექტრონულ კომუნიკაციას. დისტანციურ სწავლებაში ვგულისხმობ სწავლების ფილოსოფიას, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული, როდესაც სასწავლო პროცესი მოსწავლის საჭიროებების მიმართ უფრო ფლექსიური ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები და დისტანციური სწავლება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეს მოდელი გულისხმობს სწორედ პანდემიის ვითარებში გამოსავლის რეჟიმში ყოფნას.
- უფრო მეტი რომ გვითხრათ, სწავლების პრინციპის შეცვლას მოიცავს ეს თუ კონკრეტული საგნის ან საგნების დამატებას?
- რა თქმა უნდა, სწავლების პრინციპის შეცვლას. განათლების რეფორმის საზრუნავი არაა საგნების და არც საგნებში ინფორმაციების დამატება. მთავარი საკითხი არაა ის, თუ რას ვასწავლით, არამედ როგორ და რისთვის ვასწავლით. განათლების რეფორმა ამ ორ საკითხს აქცევს ყურადღებას.
- საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება საჯარო სკოლებს შეეხება თუ კერძო სკოლებსაც?
- ეროვნული სასწავლო გეგმა არის საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც ეხება საჯარო სკოლებსაც და კერძოებსაც. საკითხს თუ უფრო ჩავუღრმავდებით, შეგვიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ რა რესურსსა და მხარდაჭერასაც აღმოვუჩენთ საჯარო სკოლებს, ყველა კერძო სკოლას აქვს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ზუსტად იმავე მხარდაჭერით ისარგებლოს სამინისტროსგან. წლევანდელი წლიდან დანერგვის პროცესები გაფართოვდა და სრული მასშტაბები შეიძინა, შესაბამისად, თუ კერძო სკოლებსაც მოესურვებათ, ამ რეფორმის ყველა სიკეთე შეუძლიათ მიიღონ.
- მასწავლებლებს თუ მოუწევთ ამ სიახლის დასანერგად გარკვეულწილად მომზადება ან ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება?
- პრაქტიკაში ინტენსიურად მოუწევთ იმის გამოყენება, რის შესახებაც რეფორმის დანერგვის წინა პერიოდში იყო მუშაობა. ისინი ამ თეორიულ ცოდნას ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენებენ. ამაში ეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერი ექსპერტები, ოცდაოთხი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საგანში. მთავარი გამოწვევაა, რომ ის, რაც ალაგ-ალაგ საინტერესოდ კეთდება, როგორ გახდეს ყოველდღიური პრაქტიკა სკოლაში. ზოგადად მთლიანი სასწავლო პროცესის ახალ პრინციპებზე დაფუძნება არის იმ სტანდარტების მიღწევა, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული.
- მშობლები რამდენად იქნებიან ჩართულები მესამე თაობის ეროვნული გეგმის დანერგვაში?
- მშობლებიც ჩართული იქნებიან და არიან კიდეც გარკვეულ დონეზე. მშობელთა ჩართულობა არის ძლიერი და სასურველი ბერკეტი. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რისთვის არის მშობლის ჩართულობა საჭირო. მშობლის ფუნქცია არაა ის, რომ ბავშვს დაეხმაროს დავალების დაწერაში, მან უბრალოდ პროცესს უნდა მიაქციოს ყურადღება. მოცემული დავალება თუ აქტივობები რამდენადაა მოსწავლის უახლოესი განვითარების დონეზე. ამის დიაგნოსტირება და განხილვა მასწავლებელთან არის მშობლის მთავარი ფუნქცია სწავლების პროცესში ჩართულობისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა აწყობილი, რომ თუ მშობელი აღმოაჩენს ბავშვის განვითარებისთვის შეუსაბამო დავალებებს, მისი უკეთესობისკენ ცვლილება ყოველთვისაა შესაძლებელი. სასკოლო კულტურის განვითარება და მოსწავლეზე მეტად ორიენტირება არის პათოსი მთელი ამ მეთოდის. მშობელთა, მასწავლებელთა და დირექტორთა ჩართულობა - ჯამში ეს ქმნის სასურველ ჰუმანურ გარემოს სკოლაში.
ესაუბრა ელენე ოვაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროგრამა - მეხუთე ნაკადის რეგისტრაცია ტრენინგზე 26 სექტემბერს 23:00 საათზე სრულდება

სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროგრამა -  მეხუთე ნაკადის რეგისტრაცია ტრენინგზე 26 სექტემბერს 23:00 საათზე სრულდება

2014 წელს, კონკურსის წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ შერჩეული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დირექტორების უმრავლესობას უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა 2020 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურა. 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, უფლებამოსილების ვადა 1003 დირექტორს გაუვიდა. ვადის ამოწურვის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათი უმრავლესობა (891 დირექტორი) მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ნაწილი (112 დირექტორი) კი არა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოქმედ დირექტორებს ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ოქტომბერში ამოეწურათ, მას შემდეგ მათ ადგილზე დირექტორის მოვალეობის შემსულებლები დაინიშნენ. 

2021 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანება გამოქვეყნდა. ის შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის ცვლილებებს.

აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი 2020 წლის გაზაფხულიდან უვადოდ გადაწეული კონკურსის ჩატარების დროის შესახებ, თუმცა რადგან ნორმატიულ აქტში ცვლილებები განხორციელდა, სავარაუდოა, რომ უწყება დირექტორების კონკურსისთვის უკვე ემზადება.
მოცემული ცვლილებების საფუძველზე პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამას, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ტრენინგ-მოდულს, რაც აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 30 საათი (2 თვე).

მასში შედის სამი ნაწილი:

  • ზოგადი უნარები
  • პროფესიული უნარები
  • საკანონმდებლო ბაზა
სემინარები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი.

ტრენინგის მიმდინარეობისას მოგაწვდით შესაბამის თეორიულ მასალას და ტესტურ დავალებებს.

სრული კურსის ღირებულებაა 300 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 26 სექტემბერს 23:00 საათზე.

ტრენინგი დაიწყება 27 სექტემბერს 17:00 საათზე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 592 477 277 ან 591 504 325

R.
წაიკითხეთ სრულად