Baby Bag

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

​„მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.“

საშინაო დავალების უარყოფით და დადებით მხარეებზე გვესაუბრა ოთხი შვილის დედა მარინე გრძელიშვილი, რომელმაც თავისი პირადი დაკვირვებები გაგვიზიარა საშინაო დავალების პრობლემატიკასთან დაკავშირებით:

    - როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები რამდენად შეესაბამება მისი განვითარების საფეხურებს?

    - საშინაო დავალებისა თუ საგაკვეთილო პროცესი ხომ ბავშვის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენთვის, როგროც მშობლებისთვის, განათლების პროცესი უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბოლომდე ვერ ხერხდება ეს. ჩვენს შვილებს რასაც ვავალებთ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისებური მიწოდების ფორმა. ჩვენთვის არა მხოლოდ გონებრივი განვითარებაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქო-ემოციური, ამიტომ ბავშვამდე მიტანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დავალება იყოს მაქსიმალურად მისაღები, ხალისიანი და საინტერესო, დავალების შესრულების პროცესი არ უნდა იყოს აუტანელი და დამთრგუნველი. მინდა, რომ ბავშვისთვის წიგნთან მუშაობა იყოს მიმზიდველი პროცესი შემოქმედებითი კუთხით. ბავშვებს მოსწონთ თავიანთი ნააზრევის შედეგს რომ ხედავენ და არა რუტინული დავალებების შესრულება გამუდმებით. ვფიქრობ, სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები ამ კუთხით უფრო უნდა იყოს დახვეწილი.

    - როგორ ფიქრობთ, მოცემული დავალებები უფრო მეტად ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული თუ ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე?

    - ბავშვისთვისაც და ზოგადადაც ანალიტიკურ აზროვნებაში წვრთნა არის განმავითარებელი. მთავარია, რომ ანალიტიკური აზროვნება განვუვითაროთ და შემდგომ უკვე საჭიროა სხვდასხვა საკითხის დასწავლა. ისევ დავალებებს რომ დავუბრუნდეთ, საშინაო დავალება უმჯობესია, აზროვნებას მოითხოვდეს, რომ ბავშვმა თავისი შეხედულებისამებრ გააკეთოს დასკვნები და აზრები გამოხატოს დავალების შესრულებისას. ჩემთვის რუტინულ, ერთი და იმავე შინაარსის დავალებებზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არსი გაიგოს ბავშვმა და ვფიქრობ, ეს უფრო განუვითარებთ მათ ანალიტიკურ აზროვნებას. ემოციურადაც უფრო დადებითად უდგება მოსწავლე ისეთ დავალებებს, რომელშიც გამოწვევას ხედავს, რომელიც მისთვის საინტერესო და სააზროვნოა.

    - როგორია თქვენი შვილის აქტივობა და ინტერესი კომპლექსური დავალების მიმართ?

    - ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აქვს მსგავსი ტიპის სააზროვნო და სხვადასხვა კუთხით საინტერესო დავალება, სკოლიდან მოსვლისთანავე უჩნდება სურვილი, რომ ამ დავალების შესრულება დაიწყოს. მისთვის ეს პატარა გამოწვევაა, რომლის დაძლევის ინტერესი აქვს. კომპლექსური დავალების შესრულებისას, მისი შემეცნების და ინტერესის სიძლიერე იზრდება. თუმცა ამ ტიპის დავალებაში მშობელი მინიმალურად უნდა იყოს ჩართული და ეს დავალება არ უნდა იყოს მხოლოდ დავალებისთვის. ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესში ბავშვმა თავისი ნამუშევარი უნდა განიხილოს, უნდა მიეცეს თავისი მუშაობის პროცესის და შედეგის წარმოჩენის საშუალება. სახლშიც, ასეთი დავალების შესრულებისას, ბავშვს უნდება ოჯახის წევრებს გააცნოს მიღებული ინფორმაცია და ის შედეგი, რასაც მიიღებს ამ დავალების შესრულების პროცესში. თუმცა ძალიან გული მწყდება, რომ კომპლექსურ დავალებასთან ერთად სხვა დავალებაც აქვს იმავე საგანში და მერე ხდება ერთის ან მეორის ზედაპირულად შესრულება. ამით ვერც ბავშვი იღებს სიამოვნებას და არც შედეგი დგება სასურველი.

    - როგორ დავალებებს შეამცირებდით და როგორ დაამატებდით, რომ ბავშვი უკეთ განვითარებულიყო?

    - ის, რაც რუტინული და ერთნაირია, რომელიც ბავშვს რუტინაში რთავს და დამღლელს და უინტერესოს ხდის მეცადინეობს პროცესს, უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები ან მთლიანად ამოღებული. ძირითადი აქცენტი, ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც არა მარტო მოცემული საგნის ჭრილში ავითარებს ბავშვს, არამედ სხვადასხვა თემაზე აძლევს ინფორმაციას და უვითარებს მიღებული ცოდნის წარმოჩენის უნარს. შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ინფორმაციაც შეგვიძლია ბავშვს მივაწოდოთ ასეთი სახალისო მეთოდებით. ვისურვებდი, რომ სასწავლო პროცესი მეექვსე კლასამდე მაინც იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითობაზე ორიენტირებული. ასევე ჩვენი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია ის ზღვა მასალა, რომლის მეცადინეობასაც ბავშვები მთელ დარჩენილ დღეს სკოლის დამთავრებიდან დაძინებამდე ანდომებენ. არ მგონია, რომ ეს რუტინა რეალურად დადებით შედეგს იძლევა. ვფიქრობ, ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებზე, ასეთი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ ხდებიან გამოფიტულები. ამიტომ მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.

    ესაუბრა ელენე ოვაშვილი

    -ps-

    წაიკითხეთ სრულად