„მასწავლებლის შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით უნდა ხდებოდეს, ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ხდება საკლასო ოთახში“ - შალვა ტაბატაძე

„მასწავლებლის შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით უნდა ხდებოდეს, ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ხდება საკლასო ოთახში“ - შალვა ტაბატაძე
მასწავლებელთა განვითარებაზე და სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების თაობაზე ​MomsEdu.ge ესაუბრა „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე, რომელმაც თავისი ხედვები გაგვაცნო:
- უკვე წლებია, რაც მასწავლებლების გამოცდები ტარდება. როგორ ფიქრობთ, რა შედეგი გამოიღო ამან და როგორ განავითარეს სტატუსამაღლებულმა მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი?

​- უშუალოდ გამოცდებმა გამოიღო თუ არა შედეგი და უნდა გამოეღო თუ არა, ეს ცალკე საკითხია. გამოცდები მიზნად ისახავდა მასწავლებლების შეფასებას და მათი კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა რამდენად გამოიხატა ეს საკლასო პრაქტიკაში საქართველოში, არავინ იცის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კვლევების ნაწილი ადასტურებს იმას, რომ რაც უფრო მაღალი კატეგორიისა
 მასწავლებელი, აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით უკეთესი შედეგები აქვთ მათ მოსწავლეებს, ამ კვლევებში ცალსახად არ დასტურდება, რომ უფრო მაღალი კატეგორიის მასწავლებლები უფრო მაღალი ხარისხის გაკვეთილებს ატარებენ, ისევე როგორც არ დასტურდება, რომ იმ მასწავლებლების მოსწავლეებს, რომლებმაც ჩააბარეს ეს გამოცდები, უკეთესი შედეგები აქვთ. ეს გამომდინარეობს იმ სისტემიდან, რომელიც გვაქვს, როდესაც, ერთი მხრივ, არის პროფესიული განვითარება და მასწავლებელთა შეფასება, თუმცა ეს არაა მიბმული მოსწავლის წარმატებასთან და სწავლების ხარისხთან და, მეორე მხრივ, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ჩვენს განათლების სისტემას, რომ შეაფასოს საკლასო ოთახში ვითარება. ამ თვალსაზრისით, არც ანგარიშვალდებულების სისტემა გვაქვს და არც დეცენტრალიზების მექანიზმები. დირექტორს, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, არ აქვს დაკისრებული ეს ფუნქცია და არც საკმარისი კვალიფიკაცია გააჩნია.
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გამო ხომ არ გახდა საჭირო ჩანაცვლება იმ მასწავლებლებისა, რომლებმაც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია, რადგან დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ?
- პირდაპირ ურთიერთმიმართებას ახალ სასწავლო გეგმას და მასწავლებლებლების ჩანაცვლებას შორის არ დავაყენებდი. ზოგადად, მასწავლებელი, რომელიც ვერ ადასტურებს თერთმეტი წლის განმავლობაში საგნობრივ კომპეტენციას, რა თქმა უნდა, უნდა ჩანაცვლდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თაობის სასწავლო გეგმას განვიხილავთ, იმდენად მინიმალურია იმ კომპეტენციის ზღვარი, რომელიც მაქსიმალურად დაუწიეს. ამიტომ ცალსახაა, რომ როდესაც მასწავლებელი ვერ ახერხებს ერთი კრედიტის დაგროვებასაც კი, არც უნდა განიხილებოდეს ასეთი მასწავლებლის საკითხი, თუ ამის რესურსი გააჩნია სისტემას. თუმცა პრობლემა უფრო ღრმადაა. ის პედაგოგები, რომლებიც ზედა კატეგორიაში არიან, არავინ იცის, რამდენად უფრო მაღალკვალიფიციურ გაკვეთილებს ატარებენ და რამდენად გააუმჯობესეს სწავლების ხარისხი, შესაძლოა ყველაზე ნაკლებადაც, რადგან ავტორიტეტიდან გამომდიანარე, უფრო მეტად არიან საკლასო ოთახიდან გასულები და ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომელშიც მეტ შემოსავალს იღებენ. საგაკვეთილო პროცესის შემოწმება არ ხდება. მასწავლებლის კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა არაა წარმატება, ეს არის ის, რომ უფრო მეტი ფული იხარჯება, მაგრამ რა პროდუქტში, არ ვიცით, მხოლოდ საერთაშორისო კვლევებში გამოჩნდება ხოლმე, რომ ცუდ განათლებაში. მასწავლებლის შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით უნდა ხდებოდეს. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ხდება საკლასო ოთახში. ეს რეფორმა ამით უნდა შევაფასოთ და არა იმით, რამდენად მეტი მასწავლებელი გადავიდა კატეგორიიდან კატეგორიაში ან რამდენად კმაყოფილია ამ პოლიტიკის დამგეგმავი ან სხვადასხვა უწყება, რომელიც თავადვე კურირებს ამ გამოცდებს. მთავარია, რამდენად რეალურად გაუმჯებესებულია სწავლების ხარისხი. ვიცით მხოლოდ ის, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ რესურსების თვალსაზრისით. ამაში იგულისხმება როგორც მატერიალური რესურსი, ინფრასტრუქტურა, ისე მასწავლებლები.

​- ჰქონდა თუ არა ჩაჭრილ მასწავლებლებს გადამზადების ან ტრენინგის გავლის საშუალება ამ წლების განმავლობაში, რომ გაეუმჯობესებინათ შედეგი?
- უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ. მასწავლებლებს უტარდებოდათ პროფესიული ტრენინგები და იღებდნენ ცოდნას იმის შესახებ, როგორ ესწავლებინათ კონკრეტული საგანი, თუმცა უშუალოდ მათი საგნის შესწავლის თვალსაზრისით - არა.
- იმის შემდეგ, რაც დაითხოვენ ჩაჭრილ მასწავლებლებს, ექნებათ თუ არა მათ შანსი განვითარდნენ და თავიდან დაუბრუნდნენ საგაკვეთილო პროცესს?
- მე ზოგადად ეჭვი მეპარება, რომ მათი უმრავლესობა დაითხოვონ სკოლიდან და ალბათ ძალიან მცირე ნაწილს გაუშვებენ მათგან, რადგან ფიზიკურად მათი ჩამნაცვლებელი კადრები იმ დასახლებებში, რომლებშიც ასწავლიან ისინი, არ არის. დიდ ქალაქებში, სადაც არიან და თუ არიან ასეთი მასწავლებლები, იქ მათ ჩაანაცვლებენ, მაგრამ სასოფლო დასახლებებში და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებსა და სკოლებში ამ მასწავლებლების შეცვლა შეუძლებელია, თუ არ იქნება სპეციალური პროგრამები მიზანმიმართული, რომლითაც თბილისიდან გააგზავნიან მასწავლებლებს და გადაუხდიან დამატებით თანხებს.
- რა რესურსებით უნდა მოხდეს ჩაჭრილი მასწავლებლების ჩანაცვლება? აქვს ჩვენს განათლების სისტემას ამდენი ახალი მასწავლებლის რესურსი?
- ის, რომ ჩვენ გვყავს მასწავლებლობის მსურველთა დიდი რაოდენობა და ამავე დროს გვყავს ჩაჭრილი მასწავლებლები, რომლებიც უნდა გავიდნენ სისტემიდან, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მსურველი მასწავლებლები ჩაანაცვლებენ ძველ მასწავლებლებს, რადგან მსურველი მასწავლებლები ძირითადად არიან ქალაქში, ხოლო ჩაჭრილები და რომლებიც არ აბარებენ გამოცდას, არიან სასოფლო და მაღალ რეგიონებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საგნობრივი კუთხით მასწავლებლების განაწილება. არის საგნები, რომლებშიც ახალ კადრებს ვერ ვამზადებთ, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ჩაჭრილები რომ იყვნენ და წავიდნენ სისტემიდან, მათი ჩამნაცვლებელი კადრი ფიზიკურად არ არსებობს. დაახლოებით 35% გვყავს საბუნებისმეტყველო საგნების საპენსიო ასაკის მასწავლებლები და 32% მათემატიკის. ეს დაახლოებით 9 000 მასწავლებელია საბუნებისმეტყველო საგნის, რომელიც 3 000 კადრით მაინც უნდა ჩავანაცვლოთ, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 60-კრედიტიან პროგრამაში მოამზადეს 10 ფიზიკის, 13 ქიმიის, 50 ბიოლოგიის და 90 მათემატიკის მასწავლებელი. ამ საგნებში, სადაც ჩანაცვლება გვჭირდება, ახალი კადრები არ მოდიან და ხელი უნდა შევუწყოთ არაკვალიფიციურ და საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომ არ გავიდნენ სისტემიდან, რომ ბავშვები სწავლების გარეშე არ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამამ რამდენიმე ათასი მასწავლებელი მოამზადა სისტემაში შესასვლელად, აქედან უმრავლესობა არის ინგლისური ენის და ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, რომელთა პრობლემა ისედაც არ დგას. ამიტომ ამ მასწავლებლების უმრავლესობა ვერ შევა სისტემაში. საბოლოოდ გამოვიდა, რომ განსხვავებებია რეგიონების და საგნების მიხედვით. გამოსავალს ვხედავ ყველაფრის სწორად დაგეგმვაში. სახელმწიფომ 60-კრედიტიანი პროგრამიდან დააფინანსოს არა ის საგნები, რომლებშიც კადრების სიჭარბეა, არამედ, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნები. ასევე, თუ მაღალმთიან რეგიონში არ გვყავს კვალიფიციური ინგლისურის მასწავლებელი და დიდ ქალაქებში არიან კონცენტრირებული, მაგალითად, ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს დისტანციური სწავლება, იგივე შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელზე. უამრავი რაღაც შეიძლება გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. მაგალითისთვის რამდენიმე ახლოს მყოფი სოფლის სკოლის გაერთიანება და საუკეთესო მასწავლებლების, ინფრასტუქტურის და კვალიფიციური დირექტორის მობილიზება ერთ სკოლაში. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება სამარშრუტო ტაქსის დახმარებით, რომელიც წაიყვანს მასწავლებლებს და მოსწავლეებს სკოლაში და შემდეგ უკან დააბრუნებს სოფელში.
- რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ეს პროცესი როგორ განვითარდება. მასწავლებელთა ყოველწლიური გადამზადება/დატრენინგებით თუ დროულად მათი ჩანაცვლებით?
- ახალი სასწავლო გეგმის თვალსაზრისით გვაქვს ახალი სკოლის მოდელი. ზოგადად ჩვენთან არის მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ნიშნავს ტრენინგებს. რეალურად მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ტრენინგების წვლილი არის ძალიან მცირე, ხოლო სასწავლო პრაქტიკას რეალურად ცვლის სასკოლო ბაზაზე, საჭიროებაზე ორიენტირებული და სასწავლო კონტექსტზე მიბმული პროფესიული განვითარება. ესე იგი, ეს უნდა იყოს განვითარების ის საფეხური, რომელიც მასწავლებლის კლასში რა ხდება იმის შესაბამის რჩევებს მისცემს. სკოლაში უნდა გადავიდეს პროფესიული განვითარება, რომელიც იქნება ყოველდღიური. დირექტორის, მენტორი მასწავლებლის თუ კოლეგის მითითებით და დახმარებით უნდა პროგრესირდეს თითოეული მასწავლებელი. მხოლოდ 5% არის ზრდა ტრენინგით მიღებული ცოდნით და 80%-ით იცვლება სასწავლო პრაქტიკა სკოლის დონეზე განვითარებით. სამწუხაროდ, არ გვინდა სკოლებს მხარი დავუჭიროთ ამ მხრივ და მოვთხოვოთ ანგარიშვალდებულების სახით მოსწავლეთა უკეთესი მოსწრება. ამის ნაცვლად უსაშველოდ ტარდება ტრენინგები, რომლებიც ძალიან მცირედისმომცემია. შესაბამისად, ახალი სასწავლო გეგმა გულისხმობს იმას, რომ სიახლეების პრინციპები გავაცნოთ, შემდგომ კი მისი განხორციელება უნდა მოხდეს სკოლაში.
ესაუბრა ელენე ოვაშვილი

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლე​ბლების სანდო წყარო“.

„ბოლო შანსი“ ამოიწურა - რა ელით მასწავლებლებს, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს?“
„როცა პროფესიულ განვითარებას წყვეტს მასწავლებელი, ის სისტემაში აღარ უნდა რჩებოდეს“... თეორიული შანსიც მინიმალურია, რომ მასწავლებელმა, რომელმაც 2010 წლიდან ვერ დაადასტურა კომპეტენცია, ერთ წელიწადშ...