Baby Bag

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში ქუთაისში გატარებულ საახალწლო არდადეგებს და იქ გატარებულ საოცარ დღეებს იხსენებს:

„არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენს დროს საახალწლო არდადეგები, ალბათ ათი დღე ან ორი კვირა, მაგარამ ის კი მახსოვს, 1 სექტემბრიდან რომ ველოდებოდით და დღეებს ვითვლიდით. მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, დრო ძლივს მიიზლაზნებოდა და როდის-როდის დგებოდა ის ბედნიერი დღე, მშობელთა კრებიდან დაბრუნებული დედაჩვენის აღმზრდელობით ხასიათის „სპიჩის“ შემდეგ, ქუთაისში გასამგზავრებელ მზადებას რომ ვიწყებდით. რაღა დროსია, მაგრამ ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, კარგი შვილო, გასაგებია რომ არ გესმის და არც გაინტერესებს ეს ტექნიკური საგნები, მაშინ ჰუმანიტარულები გავაძლიეროთ და მოდი ერთის ნაცვლად სამი ენა ვისწავლოთო. მაგრამ არა, თან მე, როგორც უფროსს, რატომღაც მეტს მთხოვდნენ და ორივეს მაგივრად მე ვიტუქსებოდი.

აი, სადაც არავინ კითხულობდა ჩვენს აკადემიურ მოსწრებას, ყოფაქცევას და მუსიკის გამოცდების შედეგებს, ბებია-ბაბუის სახლი იყო საფიჩხიაზე. იქ ჩვენ ვიყავით სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა. გაფიქრებული არ გვქონდა სურვილი, რომ უკვე შესრულებული იყო. ნანატრ თოვლს ბაბუ ვერ მოიყვანდა, მაგრამ ათასში ერთხელ ხდებოდა სასწაული და ქუთაისიც თეთრად გადაპენტილი ეგებებოდა ახალ წელს. მაშინ ორმაგად გვიხაროდა, რადგან რიკოთი იკეტებოდა ხოლმე და მატარებლით გვიწევდა მგზავრობა. ეს იყო ენითაუწერელი სიხარული და რაღაც უჩვეულოს მოლოდინი. ვაგონის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები კარგი ფილმივით მივჩერებოდით სახურავდათოვლილ სახლებს, მათ სარკმელებში მოციმციმე შუქებს, ნაადრევად დაღამებულზე დაცარიელებულ ქუჩებს და ლიმონისფრად განათებულ სადგურებზე მატარებლის მომლოდინე ხალხს. ქუთაისის თოვლი კი თბილისისაზე სველი და წყალწყალა იყო, თოვლჭყაპი უფრო ეთქმოდა. მაგრამ ვინ დაეძებდა. თეთრი ხომ იყო და ცივი, გუნდები ხომ კეთდებოდა და ცხვირის ადგილზე სტაფილოგარჭობილ თოვლის ბაბუასაც შეაკოწიწებდი მონდომებული ბავშვი ეზოში.

ავირბენდით სახლში ხელ-ფეხგაყინულები და ბედნიერები და იქ ბებიაჩვენის საოცარი ხელიდან გამოსული კულინარიული შედევრები გვხვდებოდა, გოზინაყთან, ჩურჩხელებთან და ფელამუშთან ერთად.

და ის „გრილიაჟი“ და „დათუნია“, მაშინ რომ ძლივს შოულობდნენ და ახლა ყოველ ნაბიჯზე ყრია, ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია და 31-ში სხვა კანფეტებს არც ვყიდულობ.

საღამოს თუ ისევ წამოთოვდა, არც ტელევიზორი გვახსოვდა, არც წიგნები. სანამ ძილის დრო არ დაგვიდგებოდა, ვისხედით ფანჯარასთან და სათითაოდ ვითვლიდით ერევნის ქუჩის ლამპიონების გაცრეცილ შუქზე როგორ მშვიდად ტრიალებდნენ სხვადასხვა ზომის ფიფქები ჰაერში და აუჩქარებლად ეშვებოდნენ ქვაფენილზე, რომლის პრიალა ქვებს ჯერ ტალღისებურად ედებოდა თოვლის საფარველი, შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილებსაც თოვლი ავსებდა და ყველა ხმას ახშობდა.

აი, ეს იყო სიჩუმე, ყველა სხვა ხმისგან რომ ისვენებს სული და ხორცი და ეს იყო სიმშვიდე, რომელსაც მაშინ ვერ აფასებ, რომელიც იქ, ბავშვობაში რჩება და მთელი მომდევნო ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, რომელი შვეიცარიის ალპებშიც არ უნდა ეძიო რელაქსი, რა მონბლანის ხედითაც არ უნდა დატკბე ღია ცის ქვეშ ცხელ ჯაკუზში მოლივლივე, სხვისი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე, თოვლიან ახალ წელზე, ჩემს მაგივრად რომ სხვები ფიქრობდნენ, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი ცოცხლები იყვნენ და ერთადერთი რაც მევალებოდა იმ ბედნიერი ბავშვობით დატკბობა იყო,“ - წერს თეა გვასალია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას ან დაღლილ მამას არ ვუყვარვარ... დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობელსა და ბავშვს შორის ინტერაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ მშობელი გასულია და მთელი დღე არ არის ბავშვთან, მე ვურჩევდი, რომ თუნდაც ტელეფონით ჰქონდეს ურთიერთობა, დაურეკოს, მოიკითხოს. ჩემი შვილი ხშირად ურეკავს მამას და სიგიჟემდე მიყვარხარო, ეუბნება. თვითონ აკეთებს ამას. მამაც, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს რომ მოისმენს შვილისგან, სულ რომ ჩაკეტილი ჰქონდეს გული, ეს ძალიან გაუხარდება. ბავშვი თუ მშობელთან ღიაა, მშობელიც სწავლობს მისგან ამ ღიაობას. ყველა ბავშვი ხომ მეტად თავისუფალია და ეს თავისუფლება, შეიძლება ბავშვისგან ისწავლოს მშობელმა.

რაც შეეხება თამაშის წესებს და რიტუალს, რაც უნდა დაღლილი მოვიდეს მშობელი სახლში, თუ ბავშვს იმ ემოციას გადასცემს, რომ მისი ნახვა გაუხარდა, ეს მნიშვნელოვანია. დაღლილმაც შეიძლება რაღაც ეთამაშოს ბავშვს, წამოწვეს და ითამაშონ. ბავშვები გიჟდებიან, როდესაც ვითომ აწვალებენ მშობელს თამაშ-თამაშით. მთავარია მათი ინტერაქცია და ურთიერთობა. არ არის აუცილებელი, ეს თამაში იყოს ის, რომ მაინდამაინც კუბიკები ააშენონ.

ბავშვის მთავარი ბაზისური მოთხოვნილება არის, რომ მიიღოს ყურადღება, აღიარონ. ამის გაკეთება არ არის რთული, როდესაც შენც გიხარია ბავშვის ნახვა. ბავშვის წესებით თამაშს რაც შეეხება, ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვი გრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია. დედა, მამა და ბავშვი ერთად - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ეს ბავშვისთვის იმხელა ძალის მიმცემია, როდესაც ამ მთლიანობას განიცდის ბავშვი. სხვანაირად ბედნიერები არიან ბავშვები, როდესაც ამ ერთობას გრძნობენ. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას არ ვუყვარვარ, დაღლილ მამას არ ვუყვარვარ. დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად