Baby Bag

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში ქუთაისში გატარებულ საახალწლო არდადეგებს და იქ გატარებულ საოცარ დღეებს იხსენებს:

„არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენს დროს საახალწლო არდადეგები, ალბათ ათი დღე ან ორი კვირა, მაგარამ ის კი მახსოვს, 1 სექტემბრიდან რომ ველოდებოდით და დღეებს ვითვლიდით. მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, დრო ძლივს მიიზლაზნებოდა და როდის-როდის დგებოდა ის ბედნიერი დღე, მშობელთა კრებიდან დაბრუნებული დედაჩვენის აღმზრდელობით ხასიათის „სპიჩის“ შემდეგ, ქუთაისში გასამგზავრებელ მზადებას რომ ვიწყებდით. რაღა დროსია, მაგრამ ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, კარგი შვილო, გასაგებია რომ არ გესმის და არც გაინტერესებს ეს ტექნიკური საგნები, მაშინ ჰუმანიტარულები გავაძლიეროთ და მოდი ერთის ნაცვლად სამი ენა ვისწავლოთო. მაგრამ არა, თან მე, როგორც უფროსს, რატომღაც მეტს მთხოვდნენ და ორივეს მაგივრად მე ვიტუქსებოდი.

აი, სადაც არავინ კითხულობდა ჩვენს აკადემიურ მოსწრებას, ყოფაქცევას და მუსიკის გამოცდების შედეგებს, ბებია-ბაბუის სახლი იყო საფიჩხიაზე. იქ ჩვენ ვიყავით სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა. გაფიქრებული არ გვქონდა სურვილი, რომ უკვე შესრულებული იყო. ნანატრ თოვლს ბაბუ ვერ მოიყვანდა, მაგრამ ათასში ერთხელ ხდებოდა სასწაული და ქუთაისიც თეთრად გადაპენტილი ეგებებოდა ახალ წელს. მაშინ ორმაგად გვიხაროდა, რადგან რიკოთი იკეტებოდა ხოლმე და მატარებლით გვიწევდა მგზავრობა. ეს იყო ენითაუწერელი სიხარული და რაღაც უჩვეულოს მოლოდინი. ვაგონის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები კარგი ფილმივით მივჩერებოდით სახურავდათოვლილ სახლებს, მათ სარკმელებში მოციმციმე შუქებს, ნაადრევად დაღამებულზე დაცარიელებულ ქუჩებს და ლიმონისფრად განათებულ სადგურებზე მატარებლის მომლოდინე ხალხს. ქუთაისის თოვლი კი თბილისისაზე სველი და წყალწყალა იყო, თოვლჭყაპი უფრო ეთქმოდა. მაგრამ ვინ დაეძებდა. თეთრი ხომ იყო და ცივი, გუნდები ხომ კეთდებოდა და ცხვირის ადგილზე სტაფილოგარჭობილ თოვლის ბაბუასაც შეაკოწიწებდი მონდომებული ბავშვი ეზოში.

ავირბენდით სახლში ხელ-ფეხგაყინულები და ბედნიერები და იქ ბებიაჩვენის საოცარი ხელიდან გამოსული კულინარიული შედევრები გვხვდებოდა, გოზინაყთან, ჩურჩხელებთან და ფელამუშთან ერთად.

და ის „გრილიაჟი“ და „დათუნია“, მაშინ რომ ძლივს შოულობდნენ და ახლა ყოველ ნაბიჯზე ყრია, ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია და 31-ში სხვა კანფეტებს არც ვყიდულობ.

საღამოს თუ ისევ წამოთოვდა, არც ტელევიზორი გვახსოვდა, არც წიგნები. სანამ ძილის დრო არ დაგვიდგებოდა, ვისხედით ფანჯარასთან და სათითაოდ ვითვლიდით ერევნის ქუჩის ლამპიონების გაცრეცილ შუქზე როგორ მშვიდად ტრიალებდნენ სხვადასხვა ზომის ფიფქები ჰაერში და აუჩქარებლად ეშვებოდნენ ქვაფენილზე, რომლის პრიალა ქვებს ჯერ ტალღისებურად ედებოდა თოვლის საფარველი, შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილებსაც თოვლი ავსებდა და ყველა ხმას ახშობდა.

აი, ეს იყო სიჩუმე, ყველა სხვა ხმისგან რომ ისვენებს სული და ხორცი და ეს იყო სიმშვიდე, რომელსაც მაშინ ვერ აფასებ, რომელიც იქ, ბავშვობაში რჩება და მთელი მომდევნო ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, რომელი შვეიცარიის ალპებშიც არ უნდა ეძიო რელაქსი, რა მონბლანის ხედითაც არ უნდა დატკბე ღია ცის ქვეშ ცხელ ჯაკუზში მოლივლივე, სხვისი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე, თოვლიან ახალ წელზე, ჩემს მაგივრად რომ სხვები ფიქრობდნენ, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი ცოცხლები იყვნენ და ერთადერთი რაც მევალებოდა იმ ბედნიერი ბავშვობით დატკბობა იყო,“ - წერს თეა გვასალია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი,“ - ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი ბავშვის აღზრდაში მამის როლის შესახებ

ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა ბავშვის აღზრდაში მამის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ბავშვი არამარტო ხედავს, არამედ გრძნობს ოჯახში კეთილსაიმედო განწყობებია თუ პირიქით, ემოციურად დამუხტული სიტუაციაა. ამის იდენტიფიცირება შეიძლება როგორც ნახატებით, ასევე საუბრებით. ამის უამრავი ტექნიკა არსებობს. მაგალითად, ეტყვით: „მე და მამა...“ წინადადება მან უნდა დაამთავროს. „ერთხელ მამიკომ...“ მან უნდა დაამთავროს. ზღვა ინფორმაცია მოდის ისეთი, რომელზეც მშობელს წარმოდგენაც კი არ აქვს. შესაბამისად, მამის როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია. მამა არის არამხოლოდ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელი ოჯახში, არამედ მზრუნველი, მფარველი. მამა აყალიბებს გარკვეულწილად წესებს ოჯახში. ფროიდი ამბობს, რომ მამის ხატს ქმნის დედა. ის კი არა: „მამაშენს ვინ ეკითხება, მე ვარ აქ მთავარი.“ შეიძლება სუბიექტურად ფიქრობდე ამას, მაგრამ შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი: „მამიკო გავახაროთ,“ „მამიკოს ვუთხრათ,“ „მამიკო მოგვეხმარება,“ „ მამიკოს არ ეწყინოს.“ აქ პოზიტიურ ჭრილში შემოდის მამის ხატი. რა თქმა უნდა, მამაც უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. დედაც და მამაც არის უსაზღვრო რესურსი ბავშვის განვითარების და რომელიმეს დეფიციტი არსებით დესტრუქციულ ცვლილებებს იწვევს ფსიქო-ემოციურ განვითარებაში.

„არავინ არ მინდა, მამიკოს ჩავეხუტო,“ - ეს მოსმენილიც მაქვს. ჩახუტება არის დაცულობა, უსაფრთხოება. კარენ ჰორნი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ასაკში თუ არ არის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, ყალიბდება ცხოვრებისადმი ბაზალური შიშები, რაც თავის მხრივ ნევროტული პიროვნების ფორმირებას უწყობს ხელს. უმამოდ გაზრდილ გოგონებს აქვთ საოცარი მიჯაჭვულობის მოთხოვნილება საწინააღმდეგო სქესთან. მან შეიძლება ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ის, ძალიან დესტრუქციული ოჯახი იყოს, სწორედ ამიტომ არ დაანგრიოს, რომ გვერდით კაცი უდგას და ამით ივსებს იმ დეფიციტს, რომელიც მას ჰქონდა ბავშვობაში,“- მოცემულ საკითხზზე ნანა გოგიჩაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად