სამყაროს ყოველდღიურად მილიონობით პატარა ევლინება. ახალი სიცოცხლის დაბადება ყველას გვაბედნიერებს და შობის სასწაულის წინაშე გაოცებას ვერ ვმალავთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეულ თვეებში შობადობა მნიშვნელოვნად იმატებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახში დაბადების დღის წვეულებები ერთმანეთს ისეთი სისწრაფით მოსდევს, რომ მათ მოსამზადებლად უამრავი ენერგია იხარჯება. აღნიშნული მოვლენა შემთხვევითობას არ უნდა მივაწეროთ. როგორც აღმოჩნდა, წელიწადის სხვდასხვა დროს დაბადების დღეებს განსხვავებული სიხშირით აღნიშნავენ, რასაც თავისი საფუძვლიანი მიზეზი აქვს.
უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბავშვი ივნისიდან ნოემბრამდე იბადება, ხოლო ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად შემოდგომა და ზამთარი დასახელდა.
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს ახალი ხუმრობაა, რომელიც ადამიანებს შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებისკენ მოუწოდებს. თუმცა, ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ციკლს სეზონურობა ახასიათებს. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ არც ადამიანის სიცოცხლეა გამონაკლისი.
შობადობის სეზონური მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია და ამა თუ იმ ქვეყნის ეკვატორიდან დაშორების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰავა, ტემპერატურის ცვლილებები და დღის ხანგრძლივობაც. მონაცემები განსხვავებულია ქალაქში და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რაც კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების გავლენას უნდა მივაწეროთ.
სამწუხაროდ, ყოველწლიურად შობადობის სეზონური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ეცემა, რაც ადამიანის ბუნებასთან დაშორებით და მასთან დაკარგული კავშირის გავლენით აიხსნება. თანამედროვე ადამიანს, კარიერული თუ სხვა სოციალური ფაქტორებისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ყველაფრის დაგეგმვა უხდება, რის გამოც შობადობის მაჩვენებლის ზრდა ან კლება მხოლოდ სეზონურ ცვლილებებს აღარ ემყარება. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენის სურვილი აქვთ, დასაიმედებლად ვეტყვით, რომ ჩასახვისთვის საუკეთესო სეზონი უკვე მოახლოვდა. თუ შემოდგომის მიწურულს თქვენი ახლობლებისა და ნათესავების დაბადების დღეების სიუხვემ თავბრუ დაგახვიათ, ამ მოვლენას სიხარულით უნდა შეხვდეთ, რადგან შობადობის სეზონური აფეთქება ევოლუციის დადებით დინამიკაზე მიგვანიშნებს.
ავტორი: ია ნაროუშვილი
წაიკითხეთ სრულად